ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია დამარცხდა – უსუფაშვილი

რესპუბლიკურმა პარტიამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და ამის მიზეზად გაყალბება და ელექტორატთან სწორი წინასაარჩევნო კომუნიკაციის პრობლემები დაასახელა.

წინასწარი მონაცემებით, რომელიც 3 558 უბნიდან 1 697-ის შედეგს ეფუძნება, რესპუბლიკური პარტია ხმათა 3,61%-ით პარლამენტს მიღმა რჩება, რადგან არ ყოფნის ხმები 5%-იანი ბარიერის გადასალახად. პირველ ადგილზე დამაჯერებლად ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა ხმათა 61.11%-ით; ხოლო მეორე ადგილზე 15.28%-ით გაერთიანებული ოპოზიციაა, რომელსაც რესპუბლიკელები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიზნით თებერვალში გამოეყვნენ.

”არჩევნების შედეგების წინასწარმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ რესპუბლიკური პარტია მოძალადეებთან და გამყალბებლებთან ბრძოლაში დამარცხდა და საქართველო მასშტაბით მიიღებს პროპორციულ არჩევნებში 5%-ზე ნაკლებს,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა, ”თუმცა ჩვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევების, ძალადობის, მოსყიდვის, შანტაჟის, გაყალბების ფაქტების ობიექტური განხილვა გამოიწვევდა საარჩევნო უბნების დაახლოებით 70%-ში არჩევნების ხელახალ ჩატარებას და ობიექტური არჩევნების შემთხვევაში ჩვენი შედეგი იქნებოდა დაახლოებით 10-12%”.

მისი თქმით, წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ”ვერ მოვახერხეთ ჩვენი ხედვის სწორად ახსნა”.

თუმცა უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელმა კანდიდატებმა მოიგეს ორ ოლქში  – ცაგერსა და ყაზბეგში – მაჟორიტარული არჩევნები. მისი თქმით, ცაგერში, სადაც მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყავს, კარლო კოპალიანი; ხოლო ყაზბეგში რესპუბლიკელი რომან მარსაგიშვილი ლიდერობს.

 

Back to top button