
მანდატების შესაძლო გადანაწილება ახალ პარლამენტში
ხმების თითქმის ნახევრის დათვლით მიღებული შედეგებით, მმართველ პარტიას 75-დან სულ ცოტა 50 მანდატი ექნება პარტიული სიით.
ამ პირველადი შედეგების თანახმად, მხოლოდ ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა.
არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს ხმების 61.6%-ით; შემდეგ მოდის ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი 14.9%-ით; ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია – 7.9%-ით; ლეიბორისტული პარტია – 6.7%.
თუ ეს შედეგები საბოლოო შედეგებს დაემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა პარტიული სიით 52 ადგილს დაიკავებს, ხოლო ოპოზიციური ბლოკი – მხოლოდ 11-ს; ქრისტიანული-დემოკრატიული პარტია – დაახლოებით 7 მანდატს, ხოლო ლეიბორისტული პარტია – 5-ს მიიღებს.
დანარჩენ 75 ადგილს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ. მმართველ პარტიას სულ ცოტა 50 ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვება სჭირდება, რომ მისმა დეპუტაციამ ორი-მესამედი მაინც მოიპოვოს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას შეადგენს 150-წევრიან პარლამენტში. წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია ერთმანდატიანი ოლქების უმეტესობას მოიგებს.
ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები ხელისუფლების მხრიდან ”დაშინების, ზეწოლის და ძალადობის” პირობებში ჩატარდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 55% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში 1 905 960 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ 3,465,736 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.