
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ
სამმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს მათ დამკვირვებლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე განცხადება გაავრცელა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს ერთობლივ განცხადებაში მოცემულია არჩევნების დღეს დამკვირვებლებზე განხორციელებული ზეწოლის სტატისტიკა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტები 14 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა და 9 შემთხვევაში დამკვირვებლებს არ მიეცათ საშუალება საუბნო კომისიაში საჩივრები შეეტანათ.
საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო, რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონში ჰყავდა დამკვირვებლები, იტყობინება მის დამკვირვებლებზე განხორციელებული ზეწოლის 12 ფაქტზე. ორგანიზაციის თქმით, მის დამკვირვებლებს 21 საარჩევნო უბანზე არ მიეცათ საჩივრების წარდგენის საშუალება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ზეწოლის 14 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების გამოგდების ჩათვლით. ორგანიზაციის თქმით, ოთხ შემთხვევაში დამკვირვებლებს არ მიეცათ საჩივრების წარდგენის საშუალება.
საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაციის კოორდინირების მიზნით ამ სამმა ორგანიზაციამ ერთობლივი მედიაცენტრი ჩამოაყალიბა. მეოთხე სადამკვირვებლო ორგანიზაცია – ახალი თაობა – ახალი ინიციატივა, ასევე ამ ჯგუფის წევრია. თუმცა, ერთობლივ განცხადებას ის არ შეუერთდა.
ახალი თაობა – ახალი ინიციატივის ხელმძღვანელმა კოკი იონათამიშვილმა თავის წინასწარ შეფასებაში საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ განხორციელებული სამუშაო ძირითადად პოზიტიურად შეფასა. მისი თქმით, საარჩევნო უბნების უმეტესობაზე საარჩევნო პროცესი კანონის ფარგლებში ჩატარდა.