ახალი ამბები

დამკვირვებელი ორგანიზაციები ამ ეტაპზე არჩევნების შეფასებისგან თავს იკავებენ

არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ამ ეტაპზე თავს იკავებს არჩევნების დღის შეფასებისაგან და აცხადებს, რომ მათი დამკვირვებლები იძულებით გამოყარეს საარჩევნო უბნებიდან, რათა არ დააკვირდნენ შედეგების შეჯამების პროცესს.

”არჩევნების დღის შეფასებას ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერ მოვახდენთ იმის გამო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს ახლა – ხმების დათვლა და შეჯამება,”- განუცხადა Civil.ge-ს საიას ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, ”ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩვენი დამკვირვებლების გამოყრა საარჩევნო უბნებიდან. ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს გორში, რუსთავში, მცხეთაში. ძირითადად ზეწოლა ხდება უშუალოდ კომისიის წევრების მიერ და მიზეზად ჩვენი დამკვირვებლების მიერ საჩივრების დაწერა სახელდება”.

მან განაცხადა, რომ მიმართა ცესკოს დამკვირვებლების უბნებზე ხელახლა დაშვების მოთხოვნით.

კიდევ ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ   – ახალი თაობა, ახალი ინიციატივა  – განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებმა პოზიტიური როლი შეასრულეს დარღვევებზე რეაგირების თვალსაზრისით.

”პოზიტიური იყო ის, რომ საარჩევნო კომისიებმა შეძლეს კენჭისყრის პროცედურების სწორად და კანონის ფარგლებში წარმართვა, ძალიან ბევრ ჩვენს შენიშვნაზე, განცხადებაზე მათ ადეკვატური რეაგირება გააკეთეს,”- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კოკი იონათამიშვილმა, ”მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ დარღვევაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ამ დარღვევაზე რეაგირება.თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ გვიხდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის, პირველ რიგში კი ლევან თარხნიშვილის საქმის კურსში ჩაყენება რომელიმე დარღვევასთან დაკავშირებით, ახლა ჩვენ არ დაგვჭირვებია ასეთი რამ”.  

იმავდროულად, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის (კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და ა.შ) არჩევნებზე დამკვირვებელმა კოალიციამ განაცხადა, რომ ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის გამო იძულებული გახდა ხმის დათვლის პროცედურის დაწყების წინ გამოეწვია თავისი 300 დამკვირვებელი უბნებიდან მათივე უსაფრთხოების ინტერესების გამო.

Back to top button