ახალი ამბები

ეგზით პოლის შედეგებით ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს

ეგზით პოლების წინასწარი მონაცემებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 63.2% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიცია მეორე ადგილზეა ხმათა 14%-ით.

 9.1% მიიღო გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, ხოლო მეოთხე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია – 5.8%-ით. ამ მონაცემებით 5%-იანი ბარიერი სულ ოთხმა სუბიექტმა გადალახა.

ბარიერის მიღმა რჩება, ეგზით პოლების შედეგებით, რესპუბლიკური პარტია, რომელსაც ხმების 3.6% აქვს მიკუთვნებული.

1% აიღო გია მაისაშვილის ქრისტიანულ-დემოკრატიულმა ალიანსმა, ხოლო ყველა დანარჩენმა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები ხმები მიიღეს.

16 საათის მონაცემებით, ეგზით პოლი აჩვენებს, რომ ყველას წინააღმდეგ ხმა 0.7%-მა მისცა.

ოთხი ტელევიზიის  –  რუსთავი2, მზე, აჭარა და საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაკვეთით ეგზით პოლები ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტმა; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდმა განახორციელა. ამავე ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეგზით პოლები 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

ნაციონალური მოძრაობის შტაბში ეგზით პოლის შედეგებს ოვაციებით შეხვდნენ მაშინ, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უნდობლობას უცხადებენ ამ მონაცემებს.

”ის უზარმაზარი სხვაობა ნაციონალურ მოძრაობასა და დანარჩენ პარტიებს შორის ძალიან არარეალისტურს ხდის [ეგზით პოლის] სურათის რადიკალურ ცვლილებას,” – განაცხადა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ, ”თუმცა ციფრები შეიძლება შეიცვალოს”.  

წინასაარჩევნოდ ოპოზიციამ განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს ეგზით პოლებს და მოუწოდა ამომრჩეველს არ მიეღოთ მონაწილეობა ამ გამოკითხვაში, რაც ეგზით პოლებს,  ოპოზიციის განცხადებით, სანდოობას უკარგავს, რადგან მასში, ძირითადად, მმართველი პარტიის მომხრეთა მოსაზრებებია ასახული.

”ეს არის ისეთივე სიყალბე, როგორიც იყო მანამდე სააკაშვილის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვები, მაგრამ ქართველი ხალხის თავად გააკეთებს დასკვნებს,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”ჩვენი ამომრჩეველი ამ კითხვაზე პასუხს არ იძლეოდა, ამიტომ ობიექტური ეგზით პოლის შედეგით უნდა ყოფილი ყო რესპუბლიკური პარტიისთვის შედეგი – 0”. 

იმავდროულად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ მან 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ოპოზიცია საკუთარი პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას 23 საათზე დაგეგმილ მიტინგზე გეგმავს.

მსგავსი/Related

Back to top button