ახალი ამბები

”ნუ თესავთ პანიკას” – მიმართავს გვარამია ოპოზიციას

იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსები მთელი დღის განმავლობაში უსაფუძვლო ბრალდებებს ახმოვანებდნენ ”ცრუ წარმოდგენების” შესაქმნელად.

”მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ლიდერს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ განცხადებების გაკეთებისას და ნუ თესავენ პანიკას… ამ უსაფუძვლო და არაკვალიფიციური განცხადებებით ნუ ცდილობენ არჩევნების პროცესში შეიტანონ დეზორგანიზაცია და ცრუ წარმოდგენები შექმნან არჩევნების პროცესზე,” – განაცხადა გვარამიამ.  

კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა რესპუბლიკური პარტიის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პარტიამ მხოლოდ თბილისში სულ ცოტა 400 უკანონო პირადობის მოწმობა აღმოაჩინა, რომლებიც მრავალჯერ ხმის მიცემისთვის იყო გამოყენებული.

ამასობაში, მმართველი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე ”შემაშფოთებელი ტენდენცია” შეინიშნება. მისი თქმით, ზოგიერთი საუბნო კომისიის ოპოზიციური წევრი ტოვებს საარჩევნო უბანს.

ლაგოდეხის რაიონში ხუთი საუბნო კომისიის ოპოზიციურმა წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს თავიანთი სამუშაო ადგილი. მათ ამის მოტივად დაასახელეს კომისიის თავმჯდომარის მიერ უხეში დარღვევების უგულებელყოფა.

”ეს არის ძალიან უცნაური ქმედება. კომისიის წევრი უნდა დარჩეს საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის დასრულებამდე და დაიცვას თითოეული ხმა,” – განაცხადა ბაქრაძემ. ”ჩვენ ვფიქრობთ, ეს იმის ნიშანია, რომ ოპოზიცია არ არის დაინტერესებული არჩევნებში, არჩევნების შედეგებში ან ხმების დემოკრატიულ დათვლაში. ამის სანაცვლოდ მას აინტერესებს ის, რის გაკეთებასაც არჩევნების შემდეგ აპირებს”.

ბაქრაძეს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციური კოალიციის მოწოდება არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვის თაობაზე.  

 

Back to top button