
ოპოზიცია ’კრიმინალურ-ძალადობრივ’ არჩევნებზე საუბრობს
ცხრა ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, კრიმინალური სამყაროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ერთობლივად და ურთიერთთანამშრომლობით ატარებენ არჩევნებს.
”საქართველოს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს ასეთი კრიმინალური-ძალადობრივი არჩევნები, როგორი არჩევნებიც ტარდება ახლა დღეს 21 მაისს საქართველოში,”- განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე, ”წალენჯიხის, ზუგდიდის, იორმუღალოს, სიღნაღის, ლაგოდეხის მარნეულის, ხონის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, მცხეთის, ჩოხატაურის ფაქტები და მოვლენები სწორედ ამაზე მეტყველებს”.
გამყრელიძემ მიმართა ეუთოს და ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომ არ დაუშვან არჩევნების გაყალბება და არ დახუჭონ თვალი დარღვევებზე.
მან ასევე მოუწოდა საქართველოს ამომრჩეველს არ დაიზაროს არჩევნებზე მისვლა იმიტომ, რომ ”აქტიურობა არის პირდაპირი გარანტი იმისა, რომ მიუხედავად ასეთი გაყალბებისა, ამდენი კარუსელისა, ამდენი ძალადობისა მაინც ვერ გაიმარჯვოს და ვერ დარჩეს ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი”.
მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ ოპოზიცია დაძაბული არჩევნების შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს.
იმავდროულად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცალკე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ”სააკაშვილის ტირანიის საათები დათვლილია”.
”გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი,”- თქვა მან, ”ჩვენს ამაყ, ვაჟკაც და ქედუხრელ ხალხს ვერ შეაჩერებს ვერანაირი პროვოკაციები, ვერანაირი ძალადობა, ვერანაირი დაშინება, ვერანაირი მოსყიდვა და სააკაშვილის ტირანიის საათები დათვლილია”.
გაერთიანებული ოპოზიცია 21 მაისს საღამოს 23 საათზე მომხრეებს სპორტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს, სადაც მის ხელთ არსებული საარჩევნო მონაცემების გამოქვეყნებას აპირებს. ჯერ-ჯერობით უცნობია შეუერთდებიან თუ არა ამ აქციას სხვა ოპოზიციური ძალები.