
მმართველი პარტია: ოპოზიცია ”დაძაბული არჩევნების” შთაბეჭდილების შექმნას ცდილობს
მმართველი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ”ნორმალურ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს”.
თუმცა მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ”განზრახ ცდილობს დაძაბულობის გამოწვევას და პროვოკაციების გზით იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ თითქოს არჩევნები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.”
მან კვლავ დაადანაშაულა დეპუტატი ბეჟან გუნავა მარნეულის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის დაზიანებაში.
ბაქრაძის თქმით, ოპოზიციური კოალიციის აქტივისტი ქალბატონი დააკავეს, როდესაც ის, სავარაუდოდ, ცდილობდა ”გაეტაცა” საარჩევნო უბნის ბეჭედი ახმეტის ოლქის მე-4 საარჩევნო უბნიდან. ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის აქტივისტი ამის გაკეთებას საარჩევნო პროცესის ჩაშლის მიზნით ცდილობდა.
ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი აქტივისტი ბესო სარჯველაძე ხაშურში დააკავეს, რადგანაც მან, სავარაუდოდ, ცხრა ბიულეტენი მოიტანა, რომლებშიც 5 ნომერი იყო შემოხაზული. ”ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია და ამ ბიულეტენებს არაფერი აქვთ საერთო ჩვენს პარტიასთან და ამ პიროვნებას სურდა იმის შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ჩვენ არჩევნების გაყალბება გვინდა,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”მე მოვითხოვ ნებისმიერი პიროვნების მკაცრად დასჯას, რომელიც შეეცდება ამგვარი პროვოკაციის მოწყობას”.
ბაქრაძემ ასევე დაადანაშაულა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საბურთალოს რაიონის 66-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ”ფიზიკურ შეურაცხყოფაში”.
თუმცა, თინა ხიდაშელმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ იგი ”კარუსელის” აღკვეთას შეეცადა.