
შსს-ს წალენჯიხაში მომხდარ მკვლელობას არჩევნებს არ უკავშირებს
წალენჯიხაში გერონტი კაციას მკვლელობის ფაქტი დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობა მოხდა არა პოლიტიკურ ნიადაგზე, არამედ ”საყოფაცხოვრებო” მიზეზით.
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოკლული გერონტი კაცია მათი აგიტატორი იყო და ”ეს იყოს ამ ხელისუფლების სინდისზე”.
”მოკლულია ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით გერონტი კაცია და ფეხში მსუბუქად არის დაჭრილი ასევე მისი შვილი მონიკა კაცია,”- განაცხადა დღეს შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ.
მისი თქმით, მკვლელობაში, რომელიც ”ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე” მოხდა, ეჭვმიტანილია იური როგავა, რომელიც ”2003 წლიდან გაუპატიურების მცდელობისა და იარაღი უკანონო შენახვისთვისაა ძებნილი”, თუმცა ამჟამად მისი ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის.