ახალი ამბები

ოთხი ტელეკომპანიის დაკვეთით ეგზით პოლები ჩატარდება

ოთხმა ტელევიზიამ –  რუსთავი2, მზე, აჭარა და საზოგადოებრივი მაუწყებელი – 21 მაისს, არჩევნების დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდს  ეგზით პოლების განხორციელება დაუკვეთა. გამოკითხვის საბოლოო შედეგები 21 მაისს ღამის 20 საათზე გამოქვეყნდება.

ამავე ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეგზით პოლები 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ოპოზიციამ მაშინ ისევე, როგორც ამჯერად უნდობლობა გამოუცხადა ამ ეგზით პოლის შედეგებს.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობას 12 ათასამდე ამომრჩეველი მიიღებს. ეგზით პოლების პროექტში ჩართული იქნება 800-მდე ადამიანი, მათ შორის 492 ინტერვიუერი მთელი საქართველოს მასშტაბით 233 საარჩევნო უბანზე. მათ საქმიანობას 100 მაკონტროლებელი შეამოწმებს.

თუმცა პროექტის ორგანიზატორებმა უარი განაცხადეს დაესახელებინათ ის კვლევითი ფირმები, რომლებიც საველე სამუშაოებს, ანუ ამომრჩეველთა გამოკითხვას ჩაატარებენ.

პროექტის კონსულტანტები არიან ამერიკული სოციოლოგიური ორგანიზაცია QEV Analytics, ესტონეთის ანალიტიკური ჯგუფი Jaan Tonosson Insitute და ასევე უკრაინული ”დემოკრატიული ინიციატივების ფონდი”.  

ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს ეგზით პოლებს და მოუწოდებს ამომრჩეველს ბოიკოტი გამოუცხადონ ამ პროცესს. ასეთ პირობებში, ოპოზიციის განცხადებით, ეგზით პოლები სანდოობას დაკარგავს, რადგან მასში, ძირითადად, მმართველი პარტიის მომხრეთა მოსაზრებები იქნება ასახული.

მსგავსი/Related

Back to top button