ახალი ამბები

არჩევნები საქართველოს დემოკრატიულობის ტესტია – ბურჯანაძე

ბურჯანაძემ მმართველ პარტიას დარტყმა მიაყენა, როცა ერთი თვის წინ ის გამოეთიშა საარჩევნო მარათონს. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგები თუკი ობიექტურად ასახავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებასა და არჩევანს, ის ყველამ უნდა მიიღოს და პატივი სცეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

”მე, როგორც პარლამენტი თავმჯდომარე, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ მოქალაქის უმთავრესი კონსტიტუციური უფლება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი დაცული იყოს,”- განაცხადა მან, ”საქართველოს მოსახლეობა კვლავ სერიოზული გამოცდის წინაშე დგას”.

ბურჯანაძემ არჩევნებამდე ერთი დღის ადრე საგანგებო მიმართვა გააკეთა და მოსახლეობას მაღალი აქტივობისკენ თავის 5-წუთიან გამოსვლაში ორჯერ მოუწოდა, ”რადგან სწორედ მოსახლეობის მაღალი აქტიურობა არის დღეს არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი”.

”არჩევნებმა უნდა ჩაიაროს მშვიდ გარემოში და მის დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში არავის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისათვის ამ რთულ და ძალიან საპასუხისმგებლო მომენტში, ჩვენ, ნებისმიერი პოლიტიკური სიმპათიის მქონე ადამიანებმა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს სტაბილური, შეინარჩუნოს ნორმალური პოლიტიკური გარემო და ქვეყანამ მიაღწიოს იმ საბოლოო ამოცანებს, რომელსაც დემოკრატიული, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა ჰქვია”.

მან მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ”განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს”, რომ მოქალაქეებს მისცენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება.

”ყველა იმ მოხელემ კი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნების დღეს თავადაც გადაამეტებს თავის უფლება-მოვალეობას ან ბოროტად გამოიყენებს თავის თანამდებობრივ მდგომარეობას უმკაცრესად უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი,”- განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება და მოუწოდა საარჩევნო კომისიებს ”კომპეტენტურად” ჩაატარონ არჩევნები.

”ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მიმდინარეობასა და მის შედეგებთან დაკავშირებით არ გაჩნდეს ეჭვები, ამიტომ არცერთი  კანონიერი საჩივარი არ უნდა დარჩეს ადეკვატური და დროული რეაგირების გარეშე,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე საგანგებოდ მიმართა ოპოზიციურ პარტიებს და საარჩევნო პროცესის ”მაქსიმალურად მშვიდად და რაციონალურად” წარმართვა, ასევე ნებისმიერი არგუმენტირებული პრეტენზიის კანონის ფარგლებში დაფიქსირება ურჩია.

ბურჯანაძე აქტიურ პოლიტიკას მას შემდედ გამოეთიშა, რაც 21 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას და მმართველი პარტიის სიით პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამის მოტივად მან პარტიულ სიაზე შეუთანხმებლობა დაასახელა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მისი ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში აპირებს გადასვლას. მაშინ ბურჯანაძეს არაფერი უთქვამს მისი გრძელვადიანი გეგმების შესახებ.

Back to top button