
ლავროვი საქართველოზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოუწოდებს თბილისს რიგი პირობების წამოყენების გარეშე დათანხმდეს თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების დადებას.
საქართველოსთან ურთიერთობებზე ლავროვმა დღეს სახელმწიფო სათათბიროში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა, რომელიც დსთ-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების თემას მიეძღვნა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაქტიკული ქმედებები ეწინააღმდეგება იმ სამშვიდობო წინადადებებს, რომელიც აფხაზეთთან მიმართებაში თბილისმა ცოტა ხნის წარმოადგინა. ლავროვის თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული სოხუმისა და ცხინვალის ”სკეპტიკური” დამოკიდებულება ამ ინიციატივების მიმართ.
”ინტერფაქსის” ცნობით, მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებში შორის დიალოგის წარმართვას ხელს უშლის ქართული მხარის ”პროვოკაციული ქმედებები”.
”საქართველოს ხელისუფლების პრაქტიკული ქმედებები, რომელსაც თან ახლავს პროვოკაციები, მათ შორის ჩვენი სამშვიდობოების წინააღმდეგ, არ უმაგრებს ზურგს თბილისი მიერ დიალოგის თაობაზე გაცხადებულ განწყობას კონფლიქტის მხარეებს შორის,”- აცხადებს ლავროვი.
”საქართველო ახდენს კონფლიქტის ზონებში ჯარების კონცენტრირებას, აძლიერებს მოიერიშე შეიარაღების შესყიდვას, განაგრძობს ფრენებს, კერძოდ, ბოლო თვეში აფხაზურმა მხარემ ჩამოაგდო შვიდი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასა, როგორც დაძაბული და პროვოკაციების არ დაშვების მოტივით ახსნა აფხაზეთში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდა.
მან ასევე მოუწოდა თბილისს გადადგას ”საპასუხო ნაბიჯები” იმ დაპირებების შესრულების სანაცვლოდ, რასაც რუსეთი თებერვალში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად აკეთებს. ლავროვი არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს ”საპასუხო ნაბიჯებში”.
”ველით შემხვედრ ადეკვატურ რეაქციას ქართული მხარისა, თუმცა ჯერ ეს არ შეინიშნება,”- აცხადებს ლავროვი, ”ჩვენ მთლიანობაში გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთან”.