ახალი ამბები

მოსკოვი ზუგდიდის ინციდენტს ”პროვოკაციად” აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების ”მორიგი პროვოკაციაა”, რომელიც სამშვიდობოთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ქართული მედია იტყობინებოდა, რომ 18 მაისს, გამთენიისას ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ზუგდიდში რუსი სამშვიდობოები ჯავშანტექნიკით გამოჩნდნენ და ერთ-ერთ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახნენ.  ქართველმა სამართალდამცავებმა ექვსი რუსი სამშვიდობო დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობით, რუსი სამშვიდობოები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

”აშკარაა, რომ საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ რუს სამშვიდობოებთან მიმართებაში წინასწარ დაგეგმილ მტრულ ქმედებაზე,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, ”სწორედ ასეთია პროვოკაციული გამოხტომების ჩვეული სტილი, რომლის ორგანიზებასაც თბილისი რეგულარულად ახდენს კონფლიქტის ზონებში მყოფი სამშვიდობოების წინააღმდეგ”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდას არ აკლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალების დისკრედიტაციისთვის.

”თუმცა, ეს ვერ შეუშლის ხელს სამშვიდობოებს შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით, ხოლო მთელი პასუხისმგებლობა პროვოკაციების შედეგებზე დაეკისრებათ მათ ორგანიზატორებს,” – დასძინა რუსეთის საგარეო უწყებამ.

 

მსგავსი/Related

Back to top button