
ნათელაშვილი უცხოელ დამკვირვებლებს აკრიტიკებს
შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტების ყრილობაზე სიტყვით გამოდის, 17 მაისი. ფოტო: ინტერპრესნიუსი.
|
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის არ ენდობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ”სააკაშვილის რეჟიმის ლობისტები არიან”.
”მათმა [საერთაშორისო დამკვირვებლების] დასკვნებმა [საარჩევნო პროცესზე] გაანადგურეს ეს ქვეყანა,” – განაცხადა ნათელაშვილმა პოლიტიკურ თოქშოუ Primetime-ში 19 მაისს.
მან ასევე განაცხადა, რომ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი და ოფიციალური წარმომადგენელი, მათ შორის ბრუს ჯორჯი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში იმყოფება, ასევე მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, არიან პრეზიდენტ სააკაშვილის ”ლობისტები, რომელთაც ეს რეჟიმი ფულს უხდის”. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრუს ჯორჯი ”სამწუხაროდ, ბრიტანელი ლეიბორისტი დეპუტატია”.
”ეს არის საერთაშორისო ბანდა,” – დასძინა მან.
ნათელაშვილმა ასევე გააკრიტიკა დაგეგმილი ეგზით პოლები და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზება აშშ-ს ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა განახორციელა. ”იქ შეკრებილია სააკაშვილის მხარდამჭერთა ბანდა,” – განაცხადა მან.
ეგზით პოლის ჩატარებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი უზრუნველყოფს. ოპოზიციური პარტიები დაგეგმილ ეგით პოლებს ბოიკოტს უცხადებენ.
ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის მიიღებს და აღიარებს არჩევნების იმ შედეგებს, რომელიც საზოგადოებრივი განწყობის რეალური სურათის ამსახველი იქნება და სადაც პირველი ადგილი ლეიბორისტულ პარტიას ექნება.