Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსი სამშვიდობოები ზუგდიდის ინციდენტს ”პროვოკაციად” აფასებენ

ზუგდიდში რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებულ ინციდენტს ”პროვოკაციად” აფასებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტიგენტის სარდლობა, იუწყება ”აფსნიპრესი” 19 მაისს.

ქართული მედია იტყობინებოდა, რომ 18 მაისს, გამთენიისას ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ზუგდიდში რუსი სამშვიდობოები ჯავშანტექნიკით გამოჩნდნენ და ერთ-ერთ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახნენ.  ქართველმა სამართალდამცავებმა ექვსი რუსი სამშვიდობო დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობით, რუსი სამშვიდობოები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. 

დსთ-ს სამშვიდობო კონტიგენტის მეთაურის თანაშემწის ალექსანდრე დიორდიევის განცხადებით, ზუგდიდში სამშვიდობოების გამოჩენა გაპირობებული იყო მათი როტაციით, რაზეც მისი მტკიცებით, ქართული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული.

დიორდიევი აცხადებს, რომ ენგურის ხიდის გადმოკვეთის შემდეგ ერთ-ერთ ჯავშანმანქანას 20-მდე ქართველმა სამართალდამცავმა გადაუკეტა გზა, ”უკნიდან კი უცებ გაჩნდა ავტომანქანა ”ვოლგა” და მაშინვე სამშვიდობოები ავტოსაგზაო შემთხვევაში დაადანაშაულეს… იქვე გაჩნდნენ ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, რომელთაც ყველაფერი კამერაზე აღბეჭდეს”.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გაუშვა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ ნიღბიან ქართველ სპეცრაზმელებს რუსი სამშვიდობოები პოლიციის მანქანაში.

”სამშვიდობოების მიმართ, რომლებიც აღმოჩნდნენ საგანგებო შემთხვევაში ჩათრეულები, ქართველმა ძალოვანებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს,”- განაცხადა დიორდიევმა, ”თუმცა ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს გამძლეობა და მოთმინება… ამ ინციდენტს ვაფასებთ პროვოკაციად”.

მსგავსი/Related

Back to top button