ახალი ამბები

ხალხის სიღარიბიდან ამოყვანა ჩვენი მთავარი ამოცანაა – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების წესი, რაც ”არსებობისთვის ბრძოლას” გულისხმობს, შეიცვალოს სრული დასაქმებით, რაც ”არ არის რაღაც მითიური რამ”.


”ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების წესი არის ბრძოლა არსებობისთვის.აი ეს უნდა შევცვალოთ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”რა თქმა უნდა, არის უზარმაზარი გაჭირვება, რა თქმა  უნდა, დიდი ნაწილი ღარიბების ისეთი ღარიბები აღარ არიან, როგორც 4 წლის წინ იყვნენ, მაგრამ ამავე დროს, ბოლო 4 წელიწადში იმ პირობებში როცა ფასები გაიზარდა, შეიძლება კიდევ უფრო უარესადაც ცხოვრობდნენ. ამ ხალხის ამოყვანა სიღარიბიდან არის ჩვენი მთავარი ამოცანა. და როგორ უნდა ამოვიყვანოთ? მხოლოდ კიდევ უფრო მეტი შრომით. ყველას ვისაც აქვს სურვილი მუშაობის და შეუძლია მუშაობა უნდა მუშაობდეს”. 


პრეზიდენტმა დღეს ამის შესახებ საწარმო ”თბილავიამშენში” სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, კორუფციის დამარცხებით სახელმწიფომ შექმნა პირობები იმისთვის, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი ბიზნესი.


”რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ სახელმწიფომ? ჩვენ უნდა შევიყვანოთ გზები, უნდა შევიყვანოთ გაზი, უნდა გავიყვანოთ ყველგან ელექტრონერგია, სადაც არ არის, უნდა შევქმნათ დიდი ინფრასტრუქტურული მიზიდულობის ადგილები, დანარჩენს გააკეთებს ყველაფერს კერძო ბიზნესი,”- აღნიშნა სააკაშვილმა. 


მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდნენ ემიგრაციაში წასული სპეციალისტები, რათა ”ჩვენ ამ ხალხის მიღწევებიც უნდა გადავაქციოთ საქართველოს მიღწევებად”.


”ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო, რომ 90-იანი წლების დასაწყისში რუსები, სხვა რუსულენოვანი ადამიანები მასობრივად ტოვებდნენ საქართველოს. ეს იყო და არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოსთვის და მე გამიხარდება თუ არა მხოლოდ ქართველები დაბრუნდებიან დღეს საქართველოში, არამედ სხვა ეთნიკური ჯგუფები, როლებიც თავს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ”.


”მე მინდა, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადის ბოლოს, 4,5 წლის შემდეგ ყველამ თქვას, რომ საქართველო არის არა მხოლოდ მზარდი ქვეყანა, არა მხოლოდ სწრაფად გავითარებადი ქვეყანა, არამედ საქართველო არის მდიდარი და წარმატებული ქვეყანა, რომელიც იქნება ინოვაციის ახალი იდეების მოგონების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის და განათლების მთავარი ცენტრის თვალსაზრისით მთავარი ლიდერი ამ რეგიონში,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”და სიტყვა ქართული იქნება სინონიმი ხარისხიანის, მაღალი კლასის და ჩვენ ვიქნებით კეთილი შურის და მიბაძვის ობიექტი”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button