ახალი ამბები

პარტია/ბლოკების აღწერილობა

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში სამი სარჩევნო ბლოკი და ცხრა პარტია იღებს მონაწილეობას. დააკლიკეთ პარტიის/ბლოკის სახელზე, რათა იხილოთ მოკლე ინფორმაცია შესაბამისი პარტიის/ბლოკის შესახებ და მათი დეპუტატობის კანდიდატთა სია. საერთო ჯამში, ის პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ პარტიული სიით, ანუ პროპორციული სისტემით 75 მანდატს გადაინაწილებენ საკანონმდებლო ორგანოში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია არჩევნებში მონაწილეობს ლოზუნგით ”საქმე ლაპარაკის ნაცვლად” საარჩევნო პროგრამა. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ არჩევნებში აღარ მიიღოს მონაწილეობა პარტიულ სიაზე შეუთანხმებლობის გამო, მმართველი პარტიის სიის პირველ ნომრად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე დასახელდა. მას მინისტრთა კაბინეტის დატოვება მოუწია, რათა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულიყო აქტიურად. მმართველი პარტიის სიაში მხოლოდ ათამდე ამჟამინდელი დეპუტატი და მთავრობის ყოფილი სამი წევრია. მმართველი პარტია ისეთ კამპანიას აწარმოებს, რომელიც ძირითადად მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დევიზებს ეფუძნება, მათ შორისაა  – ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე. მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპირატესობით სარგებლობს, რაც ხშირად ოპონენტების კრიტიკის მიზეზი ხდება.

ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი

ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით იღებს მონაწილეობას სახელწოდებით ”გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭო – ახალი მემარჯვენეები”.

ბლოკი შემდეგ პარტიებს აერთიანებს:

ახალი მემარჯვენეების პარტია – ლიდერი დეპუტატი დავით გამყრელიძე
კონსერვატიული პარტია – ლიდერები დეპუტატები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა
საქართველოს გზა – ლიდერი სალომე ზურაბიშვილი
თავისუფლება – ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია
ჩვენ თვითონ – ლიდერი პაატა დავითაია
ხალხის პარტია – ლიდერი კობა დავითაშვილი
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია
ქართული დასი – ლიდერი ჯონდი ბაღათურია
ეროვნული ფორუმი – ლიდერი კახა შარტავა
ბლოკში ასევე შედის ოთხი დამოუკიდებელი წევრი, მათ შორის ბლოკის ლიდერი, დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, დეპუტატი გია თორთლაძე და დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.

ისტორია

ოპოზიციური კოალიცია – ერთიანი ეროვნული საბჭო – 2007 წლის ოქტომბერში შეიქმნა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ. თავდაპირველად, კოალიცია ათ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებდა. ახალი მემარჯვენეები კოალიციის წევრები არ ყოფილან. მაშინ კოალიციაში შედიოდნენ რესპუბლიკური და ლეიბორისტული პარტიები.

თუმცა, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლეიბორისტულმა პარტიამ დატოვა კოალიცია და კოალიციაში ცხრა პარტია დარჩა, რომლებიც გაჩეჩილაძეს უჭერდნენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

რესპუბლიკელებმა კოალიცია თებერვლის ბოლოს დატოვეს იმ მოტივით, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობით ისინი უფრო მეტ ხმებს მოიპოვებდნენ ოპოზიციური ფრონტისთვის.

მარტის საპროტესტო, მათ შორის შიმშილობის აქციების დროს ახალმა მემარჯვენეებმა გაააქტიურეს თანამშრომლობა ოპოზიციურ კოალიციასთან, რასაც საბოლოოდ მათი ერთ ბლოკად ფორმირება მოჰყვა. 

რესპუბლიკური პარტია

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, ოპოზიციური კოალიცია თებერვლის ბოლოს დატოვა იმ მოტივით, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობით ისინი უფრო მეტ ხმებს მოიპოვებდნენ ოპოზიციისთვის. ისინი ძირითადად ზომიერ ამომრჩეველზე ახდენენ ფოკუსირებას (საარჩევნო პროგრამა). რესპუბლიკური პარტია, რომელიც ზომიერ კამპანიას ახორციელებს, ტრადიციულად პოპულარულია ინტელექტუალებსა და საშუალო კლასის ამომრჩეველს შორის. პარტია ემხრობა საპარლამენტო სისტემას და მისი ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპა საქართველოს ”მთავარი საგარეო პოლიტიკური ვექტორი” უნდა იყოს. პარტიამ ასევე პირობა დადო, რომ გაზრდის განათლების სისტემის დაფინანსებას ქვეყნის მშპ-ს 5%-მდე, ასევე გაზრდის პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს საარსებო მინიმუმამდე, რომელიც, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, თვეში 128 ლარს შეადგენს  დასაქმებული ადამიანისთვის; 114 ლარს საშუალო მომხმარებლისთვის და 215 ლარზე მეტს საშუალო ოჯახისთვის.

ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტული პარტია (საარჩევნო პროგრამა), რომლის ლიდერიც შალვა ნათელაშვილია, აცხადებს, რომ ის ”ერთადერთი ნამდვილი ოპოზიციური პარტიაა” და ხშირად უტევს სხვა ოპოზიციურ პარტიებს თავისი საარჩევნო კამპანიის დროს. ნათელაშვილი თავის მშობლიურ დუშეთის რაიონში იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად და მას გამარჯვების რეალური შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 6.5% მიიღო, დუშეთში ნათელაშვილმა ხმების 46.5% მოიპოვა – უფრო მეტი ვიდრე სხვა რომელიმე კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით.

ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია

პარტია ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილმა წამყვანმა და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ თებერვალში ჩამოაყალიბა. ამ ქმედებით თარგამაძე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა. 2003 წლის მარტამდე თარგამაძე აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია ”აღორძინების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი იყო. შემდეგ მან დატოვა პარლამენტიც და პოლიტიკაც.

პარტია, რომლის აქტივისტებს შორის ტელეკომპანია ”იმედის” სულ ცოტა ოთხი ყოფილი ჟურნალისტია, აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს პლატფორმით ”საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანობის დაცვა”, რომელიც, პარტიის თქმით, ”ქართული საზოგადოების ცხოვრების წესის საფუძველს წარმოადგენს” (საარჩევნო პროგრამა ). ამ მიზნით, აცხადებს პარტია, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, ის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მართლმადიდებლური ქრისტიანობისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. პარტია აცხადებს, რომ სტატუსი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპს, არამედ ეს იქნება უფრო მეტი ვიდრე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამინდელი სტატუსი, რომელსაც სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს.    
  
თავის ეკონომიკურ პლატფორმაშიც კი ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა გამოეყენებინა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ერთ-ერთი ქადაგება, რომელშიც ის ამბობს: “საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან”.

”სწორედ მტკნარი სასმელი წყალი წარმოადგენს ჩვენს ყველაზე დიდ ეროვნულ სიმდიდრეს, რომლის ხალხისათვის დაბრუნება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მთავარი ამოცანაა,” – აცხადებს პარტია თავის ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მართალია პარტიის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, გიორგი თარგამაძემ თავის ინტერვიუებში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს თვითმიზანი არ უნდა იყოს.

მემარჯვენე ალიანსი-თოფაძე-მრეწველები

საარჩევნო ბლოკი აერთიანებს სამ პარტიას – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიას და ერთობას (საარჩევნო პროგრამა).

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლობა ამ მოწვევის პარლამენტში, ლუდის მაგნატმა გოგი თოფაძემ დააფუძნა. თოფაძე ბოლო წლების განმავლობაში პასიურ პოზიციას იკავებდა ქართულ პოლიტიკაში და პარტიას ძირითადად დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე წარმოადგენდა. )

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი იყო 90-იანი წლების დასაწყისში, თუმცა 90-იანი წლების ბოლოდან მან მთავარი ოპოზიციური პარტიის როლი დაკარგა. 

პარტია ერთობის ლიდერია დეპუტატი ჯუმბერ პატიაშვილი. 

საარჩევნო ბლოკმა თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 28 ერთმანდატიან ოლქში დაასახელა. ერთ-ერთმა მათგანმა – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ შალიკიანმა 5 მაისს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ამის მოტივად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მისი კამპანიის აქტივისტებზე ზეწოლა დაასახელა.

ტრადიციონალისტები-ჩვენი საქართველო-ქალთა პარტია

საარჩევნო ბლოკი აერთიანებს სამ პარტიას – ტრადიციონალისტები, ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია (საარჩევნო პროგრამა ).

ტრადიციონალისტების ლიდერია ქართველი პოლიტიკოსი აკაკი ასათიანი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არააქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა.

პარტია ჩვენი საქართველო დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ ჩამოაყალიბა მარტში. პარტია ძირითადად აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ქალთა პარტია 2008 წლის მარტში ჩამოაყალიბა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ. იგი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, თუმცა ნოემბრის მოვლენების შემდეგ მან მმართველი პარტია დატოვა.

საარჩევნო ბლოკმა ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო – ქალთა პარტია თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 32 ერთმანდატიან ოლქში დაასახელა.

ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი

ეს ჯგუფი ფაქტიურად ბლოკს წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე პარტიას და პოლიტიკურ ფიგურას აერთიანებს, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.

ჯგუფის შემადგენლბაში შედის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მაისაშვილი და მისი პარტია, ასევე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, რომელიც პარტია წინ, საქართველოს  ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ქრისტიანულ-დემოკრატიულმა ალიანსმა თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 42 ერთმანდატიან ოლქში დაასახელა.

ქართული პოლიტიკა

პარტია 2008 წლის მარტში ჩამოაყალიბა დეპუტატმა გოჩა ფიფიამ. იგი არყის მწარმოებელი კომპანია ”უშბას” გენერალური დირექტორი იყო.

პარტიის ვებ-გვერდზე წერია, რომ ქართული პოლიტიკა არის ჯგუფი, რომელიც ეფუძება ”ქართულ სულისკვეთებას და მართლმადიდებლურ ცხოვრების წესს”. ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ქართული პოლიტიკის მიზანია შექმნას ”სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც დაეფუძნება მართლმადიდებლურ იდეოლოგიას”.

პარტიის ლიდერი გოჩა ფიფია აცხადებს, რომ იგი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგია და გათვლას ამომრჩეველთა იმ 30%-ზე აკეთებს, ვინც 5 იანვრის პლებისციტზე მხარი არ დაუჭირა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში  გაწევრიანებას.

ქართულმა პოლიტიკამ თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 12  ერთმანდატიან ოლქში დაასახელა.

ჩვენი ქვეყანა

ეს მცირერიცხოვანი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება პირველად 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით მიიქცია.

პარტია ცენტრისტული მიმართულებისაა და სოციალურ სამართლიანობისა და ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებს იზიარებს. ჩვენი ქვეყანა ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის და  ნატოში ინტეგრაციის მომხრეა (საარჩევნო პროგრამა).

სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია

ეს პოლიტიკური ჯგუფი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით გახდა ცნობილი.

საქართველოს სპორტსმენთა კავშირი

ეს პოლიტიკური ჯგუფიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით გაიცნო საზოგადოებამ.

მსგავსი/Related

Back to top button