
პრეზიდენტმა წინასაარჩევნოდ 145 პატიმარი შეიწყალა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ 145 მსჯავრდებული, მათ შორის 6 ქალბატონი შეიწყალა.
პრეზიდენტის 16 მაისის განკარგულებით, 137 მსჯავრდებული პატიმარი ციხიდან გამოვიდა, 8 მსჯავრდებულს კი მოსახდელად დარჩენილი ძირითადი სასჯელი გაუნახევრდა.
ეუთოს არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის მეორე შუალედურ მოხსენებაში, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა, მოყვანილია განცხადებები იმის თაობაზე, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ნათესავები ჰყავთ ციხეში, უთხრეს, რომ მათ გაათავისუფლებდნენ, თუ ისინი მმართველი პარტიისთვის ხმებს მოაგროვებდნენ.
”სანდო მოწმემ განუცხადა OSCE/ODIHR EOM-ს, თუ როგორ უთხრა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა თბილისში ქალბატონს, რომ მის დაპატიმრებულ შვილს გაათავისუფლებდნენ, თუ ის მოიტანდა რამდენიმე ასეული ადამიანის ხელმოწერილ დაპირებას, რომ მმართველ პარტიას მისცემდნენ ხმას,” – ნათქვამია მოხსენებაში.