ახალი ამბები

სააკაშვილი: გაეროს რეზოლუცია აფხაზეთზე ”ისტორიულია”

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 15 მაისს მიღებულ რეზოლუციას აფხაზეთზე და მას ”ისტორიული” უწოდა.


”გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ისტორიული დეკლარაცია ეთნიკურ წმენდაზე აფხაზეთში და დევნილთა უფლებებზე – დაბრუნდნენ და თავიანთი საკუთრება დაიბრუნონო უკან,” – განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილმა ეს განცხადება აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მიერ დღეს ყულევში ახალი ნავთობტერმინალის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.


საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისის წინადადება აფხაზური მხარის მიმართ ოჩამჩირეში ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე. 


”საქართველოს უკვე გაუჩნდა მესამე საზღვაო კარიბჭე – ეს არის ბათუმი, ეს არის ფოთი და ახლა ეს არის ყულევი,” – განაცხადა სააკაშვილმა, ” მაგრამ ბევრად უფრო დიდი უნდა აშენდეს ოჩამჩირეში და სოხუმის პორტი უნდა ამუშავდეს. ჩვენ ვთავაზობთ იმ ხალხს, ვინც დარჩა აფხაზეთში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რომელიც პარალელურად იმუშავებს აქ არსებულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან, ენგურის აქეთ არსებულთან, მაგრამ ეს იქნება ერთი დიდი ზოლის გავრცობა, ერთი დიდი ეკონომიკური თავისუფლების სივრცის გავრცობა, სადაც არ იქნება კორუფცია, არ იქნება ძალადობა, არ იქნება ძალდატანება, არ იქნება ადამიანების გაყოფა და დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, ენის ნიშნით, რომლითაც ისინი ლაპარაკობენ და სადაც ეთნიკური აფხაზების უფლებები და მათი იდენტურობა იქნება დაცული, როგორც არასდროს – მყარად და მნიშვნელოვნად.”


მისი თქმით, აფხაზეთის ამჟამინდელ მაცხოვრებლებს ”ართმევენ ბოლო ქონებას უცხოეთიდან შემოსული შარლატანები”. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის მიწა არ ეკუთვნის ამ ”შარლატანებს”. ”ის ეკუთვნით იმ ხალხს, იმ 500 000-მდე ადამიანს, რომლებიც იქიდან გამოყარეს,” – დასძინა მან.


ნავთობტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის მიერ მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.


”მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა აზერბაიჯანის მთავრობას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას,” – განაცხადა მან, ”აი ეს არის ნამდვილი ძმობის და მეგობრობის ნიშანი. ამ კენჭისყრის დროსაც იწვრთნება ქვეყნებს შორის მეგობრობა. ამ კენჭისყრის დროსაც ირკვევა ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მიუხედავად დაწოლისა, მიუხედავად ყველანაირი შანტაჟისა, ყველაზე რთულ მომენტებში დაგვიდგება გვერდზე.”


გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე რეზოლუცია 14 ხმით 11-ის წინააღმდეგ გავიდა, 105 ქვეყანამ კი თავი შეიკავა.


საქართველოს გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ალბანეთმა, აზერბაიჯანმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 


ხოლო მის წინააღმდეგ მისცეს ხმა სომხეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ინდოეთმა, ირანმა, მიანმამ, რუსეთმა, სერბეთმა, სუდანმა, სირიამ და ვენესუელამ.


 

Back to top button