
ცხინვალის რეგიონში მომხდარი აფეთქების შედეგად პოლიციელი დაიჭრა
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ ერედვში 16 მაისს ტროტილის აფეთქების შედეგად ქართველი პოლიციელი დავით კორაშვილი დაიჭრა, იტყობინება ქართული მედია.
ეს უკვე მეორე აფეთქებაა კონფლიქტის ზონაში 16 მაისს. იმავე დღეს დილით ნიქოზსა და ერგნეთს შორის მომხდარი აფეთქების დროს არავინ დაშავებულა.
”ორივე შემთხვევაში დაახლოებით 500 გრამამდე ტროტილი აფეთქდა,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, ”ნათელია, რომ სეპარატისტები ტერორიზმის მეთოდებს იყენებენ”.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 14 მაისს განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული სპეცსამსახურები გეგმავენ ტერაქტს, რომელიც მიმართული იქნება რეგიონის ქართული მოსახლეობისა და ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ.
”ტერორისტული აქტის მიზანია სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ისტერიის გაღვივება, მისი უუნარობაში დადანაშაულება, საქართველოს საერთაშორისო სპონსორებისათვის და მფარველებისათვის საბაბის მიცემა, რათა დაადანაშაულონ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი შერეული სამშვიდობო ძალები უუნარობაში შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები და შეიარაღებული მოქმედებების დაწყება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ,”- განაცხადა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.