ახალი ამბები

დიპლომატები არჩევნების წინ ზეწოლის ფაქტებით შეშფოთებულები არიან

გაეროს და ეუთოს ხელმძღვანელობით არჩევნებზე მომუშავე ქვეყნების ჯგუფის ელჩებმა ”ღრმა შეშფოთება” გამოხატეს დაშინების, ძალადობის და ძალადობის საფრთხის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო, ”რადგანაც ამის ადგილი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში”.

სამუშაო ჯგუფის მიერ 15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ელჩები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საშუალება მისცენ მოქალაქეებს გამოიყენონ თავისუფლად და მშვიდობიან გარემოში ხმის მიცემის უფლება”.

OSCE/ODIHR-ის მეორე შუალედურ წინასაარჩევნო მოხსენებაშინათქვამია, რომ  ამომრჩეველთა დაშინების თაობაზე ბევრი განცხადება კეთდება, რომელთაგანაც ზოგიერთი, შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურონ. 

ელჩების სამუშაო ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ ის მოუწოდებს ”ყველა მოქალაქეს, რომელთაც სურს გამოიყენოს თავისი პროტესტის გამოხატვის უფლება, გააკეთონ ეს მხოლოდ არაძალადობრივი გზით, რაც არ შეუშლის ხელს არჩევნების ადმინისტრირებას”.

1 მაისს ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს , რაც შემდეგ პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ანალოგიური შედეგით დასრულდა ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტების მიერ  ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის სახლის წინ გამართული საპროტესტო აქცია.

ელჩების სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია ეუთოს წევრი სახელმწიფოების ელჩებისგან (რომელთაც წარმომადგენლობები აქვთ თბილისში) და არჩევნებში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან. მისი თანათავმჯდომარეები არიან გაეროს ადგილობრივი კოორდინატორი და ეუთოს მისიის ხელმძღვანელი.

”საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ხელშეწყობის მიზნით, ელჩების სამუშაო ჯგუფი რეგულარულად იკრიბება,” – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button