ახალი ამბები

მოსკოვი აფხაზეთზე გაეროს გენასამბლეის რეზოლუციას ”კონტრპროდუქტიულს” უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 15 მაისს მიღებულ რეზოლუციას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების თაობაზე ”პოლიტიკურად მოტივირებულს” და ”კონტრპროდუქტიულს” უწოდებს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში.


”ქართული მხარის მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის განსახილველად აღნიშნული პროექტის წარდგენას ვაფასებთ, როგორც კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს, რომელიც დამატებითი სირთულეების გამომწვევია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებისათვის მის ამჟამინდელ არცთუ იოლ პერიოდში,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.


რეზოლუცია, რომელიც დევნილთა სწრაფი დაბრუნებისათვის გრაფიკის შემუშავებას და ამ პროცესზე გაეროს გენერალური მდივნის გარკვეულ კონტროლს ითვალისწინებს, ქართული მხარის ინიციატივით იქნა მიღებული. რეზოლუცია ასევე შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად დემოგრაფიული სურათის შეცვლის გამო და ასევე მოუწოდებს გაეროს ქვეყნების რეზიდენტებს თავის შეიკავონ თვითგამოცხადებულ რეგიონში ქონების შეძენისაგან დევნილთა უფლებების დარღვევის ხარჯზე. თბილისმა უკვე შეაფასა რეზოლუცია, როგორც ქართული დიპლომატიის წარმატება.


თუმცა რუსული მხარე აკნინებს რეზოლუციის მნიშვნელობას იმ თვალსაზრისით, რომ პროექტის ტექსტი ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა, რათა სხვა დელეგაციის წევრებს მისი გაცნობის საშუალება არ მისცემოდათ და ასევე ”კენჭისყრის შედეგები ნათელი დემონსტრირებაა იმისი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ფაქტიურად მხარი არ დაუჭირა საქართველოს ქმედებებს ამ პრობლემის ირგვლივ”.


რეზოლუცია 14 ხმით 11-ის წინააღმდეგ გავიდა, 105 ქვეყანამ კი თავი შეიკავა. რუსულმა დელეგაციამ მისი მიღების წინააღმდეგ წავიდა.


”თავიდანვე ეჭვგარეშე იყო, რომ ქართულ მხარეს გადაწყვეტილი ჰქონდა ესარგებლა ჰუმანიტარული შირმით, რათა გაეტანა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლიტიკურად მოტივირებული დოკუმენტი,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ის დამახინჯებულ წარმოდგენას ქმნის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, აჩუმათებს მის ისტორიას, განიხილავს მხოლოდ ზოგიერთ შედეგს, ივიწყებს რა არსებული სიტუაციის წარმოშობის მიზეზებს”.


რუსული მხარე ხაზს უსვამს, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ”საქართველოს მიერ გაჩაღებული საბრძოლი მოქმედებების შედეგად” გაჩნდნენ დევნილები.


”ქართული მხარის მიერ შეტანილი პროექტი ფაქტიურად ”აცალკევებს” დევნილთა დაბრუნების საკითხს მშვიდობის მიღწევის ამოცანების მთელი კომპლექსისგან და ამით კიდევ უფრო ართულებს ამ პრობლემის მოგვარებას,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დევნილთა გრაფიკის შემუშავებაზე პასუხისმგებლობა თავად საქართველოსაც ეკისრება, რომელიც რეზოლუციაში ”არაფერს ამბობს იმაზე, რომ აფხაზეთში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესი უკვე მიმდინარეობს”.

Back to top button