
მმართველი პარტია აცხადებს, რომ არჩევნები ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს
მმართველი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს და ოპოზიცია ”სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში” დაადანაშაულა.
”არჩევნები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიცია ხელოვნურად არ ძაბავს სიტუაციას, არჩევნები ძალიან კარგად მიდის,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”რა თქმა უნდა, არის დარღვევები და ჩვენ მათ შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისგან ვიგებთ. როდესაც ჩვენი რეაგირებაა საჭირო, ჩვენ მათზე ვრეაგირებთ”.
”ვფიქრობ, მოსახლეობის უმეტესობა დამეთანხმება, რომ არჩევნები ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს და მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, თავი შეიკავოს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან და საშუალება მისცენ ამომრჩევლებს ხმა მისცენ მშვიდ ატმოსფეროში,"- დასძინა მან.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნებს ატარებს ”კრიმინალურ ავტორიტეტებთან” ახლო თანამშრომლბით, რასაც თან სდევს დაშინება და ზეწოლა ოპოზიციის აქტივისტებზე.
დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს ბრალდებებს კრიმინალებთან კავშირის თაობაზე იმ პიროვნებისგან – დავით გამყრელიძისგან – რომელიც, ბაქრაძის თქმით, თავად იცავდა კრიმინალებს და რომელმაც არ დაუჭირა მხარი კანონს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მან ასევე მოუწოდა გამყრელიძეს თავი დაანებოს ”ისტერიას” და ”კონსტრუქციულ დიალოგში” ჩაერთოს.