
სააკაშვილი რუსეთს აფხაზეთის გამო აკრიტიკებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ავადმყოფური და გაუგებარი ლოგიკის” გამო რუსეთი შეეცადა დაებლოკა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც აღიარებს დევნილთა და გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების უფლებას.
16 მაისს საღამოს ზუგდიდში მთავრობის სხდომაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაურეკა მის კოლეგებს 30 ქვეყნიდან, რათა დაერწმუნებინა ისინი რეზოლუციის წინააღმდეგ მიეცათ ხმა.
”საერთოდ გაუგებარია რუსეთს რატომ უნდა წყინდეს ამ რეზოლუციის მიღება,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ამ რეზოლუციაში რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანები გამოყარეს თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან … და რომ მათი ქომებრივი უფლებები უნდა იყოს დაცული”.
”რატომ უნდა დაერეკა [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს] სერგეი ლავროვს მსოფლიოს 30 საგარეო საქმეთა მინისტრისთვის? მეტი საქმე რუსეთს არა აქვს, თუ არა ქართველი დევნილების უფლებები დაბლოკოს და ქართველი დევნილები აღარ დააბრუნოს სახლებში? და თუ ბატონ ლავროვს ცუდად დაეძინება, თუ რომელიმე ქართველი დაიბრუნებს თავისას გაგრაში, ეს არის ძალიან გაუგებარი და უაზრო ლოგიკის და ძალიან ავადმყოფური ლოგიკის გამოვლინება. მე არ მესმის, ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს ეს საკამათო თემა რუსეთთან”.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 15 მაისს მიიღო საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია , რომელიც აღიარებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა აფხაზეთში დაბრუნების უფლებას, მიუხედავად მათი ეთნიკურობისა. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ რეზოლუციას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს თხუთმეტი წელი დასჭირდა სიტუაციის სამართლიანად შესაფასებლად.
”მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩვენი მშვიდობიანი განზრახვები. მაგრამ მე მინდა კატეგორიული დავალება მივცე იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს – არ დაუშვათ თუნდაც ერთი უკანონო ინვესტიციის განხორციელება აფხაზეთში, საქართველოში; არ დაუშვათ თუნდაც ერთი ადამიანის სახლის უკანონ გაყიდვა საქართველოს აფხაზეთში იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს აფხაზეთი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების სახლები, ჩვენი მოქალაქეების მიწა, ჩვენი მოქალაქეების კანონიერი საკუთრება, რომელიც მათ უნდა დაიბრუნონ უახლოეს ხანში კანონიერ მფლობელობაში. ეს არის ჩვენი, უკვე გაეროს დოკუმენტებზე დაფუძნებული კანონიერი მოთხოვნა,” – განაცხადა სააკაშვილმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე რეზოცია 14 ხმით 11-ის წინააღმდეგ გავიდა, 105 ქვეყანამ კი თავი შეიკავა.
საქართველოს გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ალბანეთმა, აზერბაიჯანმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ხოლო მის წინააღმდეგ მისცეს ხმა სომხეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ინდოეთმა, ირანმა, მიანმამ, რუსეთმა, სერბეთმა, სუდანმა, სირიამ და ვენესუელამ.