ახალი ამბები

ეუთოს საარჩევნო მოხსენება ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებს

ამომრჩევლებზე ზეწოლის თაობაზე ბრალდებები ხშირად ისმის, რომელთაგან ზოგიერთი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დასტურდება, ნათქვამია OSCE/ODIHR-ის მეორე შუალედურ წინასაარჩევნო მოხსენებაში.

მოხსენება, რომელიც ეუთოს ვებ-გვერდზე 15 მაისს გამოქვეყნდა, 26 აპრილიდან 9 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ OSCE/ODIHR-ის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიამ ოპოზიციური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან დარღვევების შესახებ ”უამრავი განცხადება” მიიღო, რომლებიც ეხება კანდიდატების, პარტიის აქტივისტების და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა, განსაკუთრებით მასწავლებლების, დაშინებას და მათზე ზეწოლას.

”დაშინების თაობაზე გაკეთებულ უამრავ განცხადებას შორის, რამდენიმე OSCE/ODIHR EOM-მ [საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ] დაადასტურა,” – ნათქვამია მოხსენებაში, ”მაგალითად, მასწავლებელი კახეთში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიაში გადავიდა, გააფრთხილა სკოლის დირექტორმა, რომ მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თუ ის ნაციონალურ მოძრაობაში არ დარჩებოდა”.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ნათესავები ჰყავთ წინასწარი პატიმრობაში, უთხრეს, რომ მათ გაათავისუფლებდნენ, თუ ისინი მმართველი პარტიისთვის ხმებს მოაგროვებდნენ.  

”სანდო მოწმემ განუცხადა OSCE/ODIHR EOM-ს, თუ როგორ უთხრა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა თბილისში ქალბატონს, რომ მის დაპატიმრებულ შვილს გაათავისუფლებდნენ, თუ ის მოიტანდა რამდენიმე ასეული ადამიანის ხელმოწერილ დაპირებას, რომ მმართველ პარტიას მისცემდნენ ხმას,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებაში ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საწვავის ვაუჩერები დარიგდა სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.   

”ზოგიერთ შემთხვევაში, ვაუჩერების დარიგება მოხდა ნაციონალური მოძრაობის კამპანიასთან ერთად, რამაც გაურკვეველი გახადა ზღვარი სახელმწიფო საქმიანობასა და კამპანიას შორის,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა ”სათანადოდ არ განიხილეს საჩივრები და პრეტენზიები, კერძოდ ისინი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ იყო გაკეთებული.”

მოხსენების თანახმად, საარჩევნო კამპანია უფრო აქტიური გახდა საანგარიშო პერიოდში. ”კამპანიის მთავარი ფორმა იყო შედარებით მცირე მასშტაბის ღონისძიებები, ვიდრე ფართომასშტაბიანი აქციები,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, მართალია ოპოზიციური პარტიები კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირებულ  კამპანიას ახორციელებდნენ, ”ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის კამპანია ძალიან ნეგატიური ტონით წარიმართა, სადაც გახმოვანებული იყო უნდობლობა საარჩევნო პროცესის სამართლიანობისადმი და ყურადღება იყო გამახვილებული ხელისუფლების დარღვევებსა და გეგმებზე არჩევნების მანიპულირებასთან დაკავშირებით”. 

მოხსენების თანახმად, ზოგადად საარჩევნო კამპანია გადაჩრდილა რუსეთთან არსებულმა დაძაბულობამ. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლება დაადანაშაულა რუსეთთან დაძაბულობის წინასაარჩევნოდ თავის სასარგებლოდ გამოყენებაში.

მედია მონიტორინგი

OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ხუთი ტელეკომპანიის – ”რუსთავი 2”, ”მზე”, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ”კავკასია” და ”აჭარა” – და ოთხი გაზეთის – რეზონანსი, 24 საათი, ალია და კვირის პალიტრა –  ხარისხობრივ და რაოდენობრივ მონიტორინგსაც ახორციელებს.

მოხსენების თანახმად, მონიტორინგის წინასწარი შედეგები მიანიშნებს ბალანსის ნაკლებობაზე ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო გადაცემებში. ”მხოლოდ საზოგადოებრივმა ტელევიზიამ შესთავაზა მაყურებელს კამპანიის უფრო დაბალანსებული სურათი,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მსგავსი/Related

Back to top button