
რუსეთმა ქართული შეიარაღების მონაცემები გამოაქვეყნა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 მაისს გამოაქვეყნა დეტალური ცხრილი ნატოს წევრი და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარების თაობაზე და განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო პოტენციალის ზრდა დესტაბილიზაციის საფრთხეს წარმოადგენს რეგიონისთვის.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე ეჭვი შეიტანა საქართველოს პარტნიორების ჩანაფიქრში, რომ სამხედრო მხარდაჭერა მიზნად ისახავს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ქვემოთ მოცემულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების სრული ტექსტი:
”ნატოს წევრი სახელმწიფოების და სხვა ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თანმიმდევრულად მისდევს საქართველოს მასშტაბურ სამხედრო მხარდაჭერის კურსს ეროვნული შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გასაზრდელად. ასეთი ქმედებები მოტივირებულია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინეგრაციისათვის თბილისის მომზადების საჭიროებით და ”რეგიონში სტაბილურობის გასამტკიცებლად”.
ამ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საქართველოსთვის შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის, ასევე სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციის მიწოდება, უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობა ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში, მათ შორის მათი სწავლება ალიანსის მოკავშირეების სასწავლო დაწესებულებებში, ფინანსური დახმარების აღმოჩენა. ამასთან, სამხედრო-ტექნიკური დახმარება დასავლეთის ქვეყნების მიერ ხორციელდება ხშირად უანგაროდ.
ეროვნული შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიზნის თბილისისთვის დახმარების გაწევის საქმეში ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის აქტიურობენ აშშ, თურქეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი.
სამხედრო დახმარების გარკვეული ნაწილი საქართველოში უკრაინიდან შედის, ფართოვდება ისრაელ-საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა.
საბოლოო ჯამში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული პრობლემების ძალისმიერი მოგვარების შესაძლებლობის თაობაზე თბილისის მიერ დეკლარილებული კურსის პირობებში, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პოტენციალის ზრდა მადესტაბილიზირებელ ზემოქმედებას ახდენს სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე სამხრეთ კავკასიაში”.