
მრეწველები აქცენტს მაჟორიტარულ არჩევნებზე აკეთებენ
მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ ღიად განაცხადა, რომ მომავალ პარლამენტში მემარჯვენე ალიანსი-თოფაძე-მრეწველების ბლოკის პროპორციული არჩევნების გზით მოხვედრის იმედი არ აქვს, თუმცა ბრძოლას განაგრძობს მაჟორიტარული წესით მანდატების მოსაპოვებლად.
”ამ ეტაპზე ჩვენ პარლამენტში ნამდვილად ვერ მოვხვდებით ეგეთი პასიური პოზიციის გამო,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გოგი თოფაძემ. მისი საარჩევნო ბლოკი ფაქტიურად საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს.
თოფაძემ ასევე არ დამალა, რომ მისი პარტია პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა იმის გამო, რომ მაჟორიტარი კანდიდატები სავალდებულოა ცესკო-ს მიერ რეგისტრირებული პარტიების მიერ იყვნენ წარდგენილნი.
მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე ალიანსი-თოფაძე-მრეწველების ბლოკის ლიდერებმა, დეპუტატებმა ზურაბ ტყემალაძემ და ჯუმბერ პატიაშვილმა უარი თქვეს მაჟორიტარული წესით კენჭისყრაზე საგარეჯოსა და გორში, შესაბამისად, ბლოკის 23 კანდიდატი კვლავ განაგრძობს მაჟორიტარულ კამპანიას. კანდიდატურები ზეწოლის მოტივით ასევე მოხსნეს ქუთაისისა და მარტვილის მაჟორიტარობის მსურველებმა მოუწოდეს რა ამომრჩევლებს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერისკენ.
თოფაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის და გადაბირების მცდელობის გამო 20-ზე მეტმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ჯერ კიდევ ოფიციალურად დარეგისტრირებამდე თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.
მრეწველთა ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გარკვეული საარჩევნო პროგნოზი გააკეთა და განაცხადა: ”სახელისუფლებო ბლოკი მთლიანად გაიყვანს 75-80 კაცს, გაერთიანებული ოპოზიცია 15-18%-ს, 20-მდე აიღებენ, ალბათ გადალახავს ზღუდეს თარგამაძის გუნდი, ალბათ გადალახავს ბატონი შალვა ნათელაშვილი”.
მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჰყავს სატელიტი ”ოპოზიციური” პარტიები, ”ვინც ცდილობს მოხვდეს პარლამენტში და მათ აშკარად ხელშეწყობა აქვთ ამაში”.
კითხვაზე ვინ არიან სატელიტი პარტიები, თოფაძემ უპასუხა: ”მე ვერავის ვერ დავაბრალებ. არ ვიცი. ალბათ გამოჩნდება არჩევნების მერე”.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს, შეიძლება ამან ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს, ”რაც არ მინდა, რომ მოხდეს, რადგან ყველანაირი არეულობა ჩვენ უკან დაგვწევს”.