Placeholder canvas
ახალი ამბები

პროტესტის მიუხედავად, ეგზით პოლები მაინც ჩატარდება

ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ორმა ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზით პოლების ჩატარება იგეგმება, მიუხედავად ოპოზიციური პარტიების პროტესტისა.


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ეგზით პოლის ჩატარებას უზრუნველყოფს.


ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ 15 მაისს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოთხ ტელეკომპანიასთან – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, მზე და აჭარა – პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზით პოლები იგივე ჯგუფმა ჩაატარა.


გასულ კვირას ოპოზიციურმა კოალიციამ მოუწოდა მხარდამჭერებს და ოპოზიციურ ძალებს ბოიკოტი გამოუცხადონ ეგით პოლებს. ამ მოწოდებას უკვე შეუერთდა რესპუბლიკური პარტია.

”უთხარით უარი ეგზით პოლებს,” – მიმართა ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ მხარდამჭერებს 8 მაისს, ”უთხარით უარი, რათა არ მივცეთ საშუალება წინასწარ გააყალბონ არჩევნების შედეგები”.


ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ისინი არ ენდობიან სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ დაფინანსებულ და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ეგზით პოლებს.


თუმცა, გიგი თევზაძემ განაცხადა, რომ ეგზით პოლები გამჭირვალედ ჩატარდება. ”ყველას აქვს უფლება უნდობლობა გამოხატოს ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ჩვენ ვიწვევთ ყველას დააკვირდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი,” – განუცხადა თევზაძემ Civil.Ge-ს.  


იაგო კაჭკაჭიშვილმა, სოციოლოგმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, 15 მაისს რადიო ”იმედს” განუცხადა, რომ ეგზით პოლებს ავტორიტეტი არ ექნება იმ პირობებში, როცა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამ პროცესის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.  

მსგავსი/Related

Back to top button