
რუსეთის საჰაერო ძალების მეთაური აფხაზეთში რუსული ბაზის გახსნაზე კომენტარს აკეთებს
რუსული სამხედრო ბაზის გახსნა აფხაზეთში გააუმჯობესებდა რუსეთის საზღვრის დაცვას, იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის ალექსანდრე ზელინის სიტყვებზე დაყრდნობით.
”შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს ხელს შეუწყობდა საჰაერო თავდაცვის ამოცანების განხორციელებას,” – განაცხადა ზელინმა 15 მაისს.
რუსმა მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს საჰაერო თავდაცვის საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სომხეთთან. ”სასურველია, რომ ანალოგიური ურთიერთობები გვქონდეს საქართველოსთანაც. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა,” – დასძინა მან.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 13 მაისს განაცხადა, რომ სოხუმს სურს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნას, რომელიც თვითგამოცხადებული რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აფხაზეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ წინადადება არ განხილულა.