
რესპუბლიკელებმა აბაშაში მაჟორიტარი კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ მოხსნეს
რესპუბლიკურმა პარტიამ აბაშაში მაჟორიტარად წარდგენილი ზურაბ რუსიას კანდიდატურა გაერთიანებული ოპოზიციიდან პარტია თავისუფლების ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას სასარგებლოდ მოხსნა.
ამის შესახებ 14 მაისს აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრისას რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა და მოუწოდა ამომრჩევლებს 21 მაისს ხმა კონსტანტინე გამსახურდიას მისცენ, იუწყება პარტიის პრესსამსახური.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ოპოზიციონერი კანდიდატი არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ ეთიშება. ქუთაისში მემარჯვენე ალიანსი-თოფაძე-მრეწველების მაჟორიტარმა კანდიდატმა თეიმურაზ შალიკიანმა, რომელმაც კანდიდატურა ”ზეწოლის” გამო მოხსნა, ეს ნაბიჯი ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკიდან გუბაზ სანიკიძის სასარგებლოდ გადადგა.
კანონის თანახმად, ოლქის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს მაჟორიტარული არჩევნები. ამ წესის მიხედვით, მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა.
მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებს, ისევე როგორც პარტია/ბლოკებს 19 მაისამდე შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება არჩევნებიდან გამოთიშვის, მათ შორის კანდიდატურის ამა თუ იმ სუბიექტის სასარგებლოდ მოხსნის თაობაზე.