
გაეროს გენერალური ასამბლეა დევნილებზე საქართველოს რეზოლუციის პროექტს განიხილავს
გაეროს გენერალური ასამბლეა 15 მაისს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სტატუსის შესახებ საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს განიხილავს .
”პროექტი განიხილება დღის წესრიგის მე-16 პუნქტის ფარგლებში, რომელიც ეხება სუამის ქვეყნებში გაყინულ კონფლიქტებს და მათ ზემოქმედებას საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე,” განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იანოშ ტისოვსკიმ 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
რეზოლუციი პროექტში, რომელსაც დამტკიცების შემთხვევაში სარეკომენდაციო ხასიათი ექნება, საუბარია დევნილთა დაბრუნების გრაფიკის შემუშავებაზე.
”როდესაც ეს რეზოლუცია იქნება მიღებული შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დევნილების დაბრუნების საკითხის უკან უკვე მთელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტი იქნება,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ.
მან ასევე დასძინა: ”ძალიან ფართო მხარდაჭერა გვაქვს, სხვათაშორის”.
თუმცა ”რია ნოვოსტი” 15 მაისს იტყობინება გაეროს დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთი ამ რეზოლუციის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას.
იმავდროულად, 15 მაისს, ნიუ-იორკში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ირაკლი ალასანია შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მთავარი განსახილველი თემა იქნება აფხაზეთში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა.
ეს შეხვედრა მოსდევს ირაკლი ალასანიას მოულოდნელ ვიზიტს სოხუმში, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა დე ფაქტო ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც აფხაზეთს აშშ-ს ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა.