
ცესკომ კოდორის ხეობა მესტიის მაჟორიტარულ ოლქს შეუერთა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში ზემო აფხაზეთის ამომრჩევლები მესტიის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს მიაკუთვნა.
ეს გადაწყვეტილება ცესკოში ცოტა ხნის წინ ოპოზიციური წევრების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა, თუმცა ხელმეორე ცდაზე მისი მიღება 13 მაისის სხდომაზე მაინც მოხერხდა.
ოპოზიცია აფხაზეთში თბილისის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორიის – კოდორის ხეობის – ამომრჩევლის მესტიის ოლქზე მიერთებას ”მოღალატეობრივ ნაბიჯს” უწოდებს. 75 მაჟორიტარული მანდატის განაწილებისას ოპოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ერთეულების გათვალისწინებასაც მოითხოვდა, თუმცა მარტში დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში ეს მოთხოვნა მმართველ პარტიას არ აუსახია.