
კოკოითი შესაძლო პროვოკაციული ტერაქტის შესახებ საუბრობს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მტკიცებით, კონფლიქტის ზონაში ქართული სპეცსამსახურები გეგმავენ ტერაქტს, რათა ეს გამოიყენონ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების საბაბად.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 14 მაისს კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ შესაძლო ტერაქტი მიმართული იქნება რეგიონის ქართული მოსახლეობისა და ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ.
”ტერორისტული აქტის მიზანია სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ისტერიის გაღვივება, მისი უუნარობაში დადანაშაულება, საქართველოს საერთაშორისო სპონსორებისათვის და მფარველებისათვის საბაბის მიცემა, რათა დაადანაშაულონ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი შერეული სამშვიდობო ძალები უუნარობაში შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები და შეიარაღებული მოქმედებების დაწყება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ,”- აცხადებს კოკოითი და აქვე განაგრძობს, ”ქართული სპეცსამსახურების და მათი მფარველების ეს ჩანაფიქრი ჩვენთვის ცნობილია”.
კოკოითი რეგიონში სიტუაციის შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ”მთლიანად სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს” აკისრებს. ის ასევე აცხადებს, რომ დაძაბულობა არ უნდა დაუშვას თავად ქართველმა ხალხმა.