ახალი ამბები

საქართველოს ბანკმა ბელარუსის ბანკის აქციები შეიძინა

საქართველოს ბანკმა 13 მაისს განაცხადა, რომ ბელარუსის სახალხო ბანკის აქციების 70% შეიძინა 34,2 მილიონ აშშ დოლარად.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს ბანკს შეუძლია მომდევნო სამი წლის განმავლობაში დარჩენილი 30%-იც შეისყიდოს.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, მინსკში განთავსებული ბელარუსის სახალხო ბანკის საერთო აქტივები 2007 წლის დეკემბრის მონაცემებით შეადგენს 48,9 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო ფასიანი ქაღალდები – 24,6 მილიონ აშშ დოლარს. ბანკს ოთხი ფილიალი და სერვის-ცენტრი გააჩნია, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, იტყობინება საქართველოს ბანკი.

”ეს შენაძენი ასახავს ჩვენს შესვლას ბელარუსულ ბაზარზე და წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ჩვენი საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის განხორციელებისა. მოხარული ვართ, რომ ერთ-ერთი პირველი შევედით ბელარუსის იმედისმომცემ საბანკო ბაზარზე,” – განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ენუქიძემ, ”ამ ტრანსაქციით, ჩვენი საერთაშორისო შესყიდვების მიზნები 2008 წლისთვის მიღწეულია და ახლა ჩვენ რესურსებს მივმართავთ ჩვენი ფილიალების ინტეგრაციისკენ ბელარუსსა და უკრაინაში საქართველოს ბანკის ჯგუფში”.

გასული წლის ოქტომბერში საქართველოს ბანკმა 81,7 მილიონ აშშ დოლარად უკრაინაში Universal Bank of Development & Partnership (UBDP)-ი შეიძინა. 

  

Back to top button