
შსს რუსული სამხედროების შესახებ თვითმფრინავით გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს გაავრცელა ქართული უპილოტო თვითმფრინავის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს რუსული ძალების და სამხედრო ტექნიკის მოძრაობა და განლაგება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში.
”ჩვენი თვითმფრინავები აფხაზეთის ტერიტორიის დაზვერვას ახორციელებენ, რათა დადგინდეს სად არიან კონცენტრირებული რუსული და აფხაზური შეიარაღებული ძალები და მძიმე ტექნიკა,” განუცხადა შსს-ს ინფორმაციული და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს”.
მან აღნიშნა, რომ მასალა 8 მაისს ჩაიწერა, როდესაც აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მათ ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ”მაგრამ როგორც ხედავთ თვითმფრინავი დაბრუნდა და ძალიან ღირებული ინფორმაცია მოიტანა,” – განაცხადა უტიაშვილმა.
12 მაისს აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ კიდევ ორი ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა თბილისმა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო.
”20 აპრილის შემდეგ, როდესაც ჩვენი საფრენი აპარატი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო, ჩვენ თვითმფრინავი არ დაგვიკარგავს. აფხაზური მხარე უბრალოდ არ ფლობს ისეთ შესაძლებლობას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს უპილოტო საფრენ აპარატებს,” – განაცხადა უტიაშვილმა.