ახალი ამბები

პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა ევროპისადმი

პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხუთ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისში, 12 მაისს 2008 წელს.

”…ჩვენ ჩვენს დევნილებს სახლების ნაცვლად დეკლარაციებს ვერ დავურიგებთ და განცხადებებს ვერ ჩავაცმევთ.


ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კონფლიქტი მოწესრიგდეს მშვიდობიანად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ფაქტობრივად, როგორც ეს არის აღიარებული იურიდიულად.


მე მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ბოლო მოქმედებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა.


ჩვენ ვთხოვთ ევროპის კავშირს გამოიძიოს ფორმალურად, თუმცა განცხადებები უკვე გაკეთდა, ინციდენტი რუსული სამხედრო თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრასთან დაკავშირებით და შეიარაღებული ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით; უკანონო გადაადგილების საკითხები, რომელიც ეხება რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ამის გამოძიებასაც ვითხოვთ და ამის შესწავლას და ამაზე ოპერატიულ რეაგირებას; ისევე როგორც  ჩვენ გვინდა ევროკავშირის  ბევრად უფრო აქტიური ჩართვა კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემაში.


სრულიად ნათელია, რომ რუსული სამშვიდობოები არ არიან ლეგიტიმური მონაწილეები პროცესის. რუსეთი არის მხარე ამ პროცესის. რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, მისი თანამდებობის პირები არღვევენ საერთაშორისო ქცევის საყოველთაო ქცევის ნორმებს.


მე ჩვენ სტუმრებს გავაცანი ბროშურა ქალაქ სოჭზე, სადაც უნდა გაიმართოს [2014 წელს ზამთრის] ოლიმპიადა და ამ ბროშურის უმეტესი ნაწილი, და ეს არის რუსეთში გამოცემული ბროშურა[აჩვენებს ბროშურას], როგორც სოჭის ნაწილს ეძღვნება აფხაზეთს, აფხაზეთის 230 კმ-იან ზოლს.


აი ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა გეგმები აქვს [რუსეთს] დიდი ხნის წინ დაწყობილი.

ეს ბროშურა გამოცემულია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე,  ეს ბროშურა გამოცემულია ნატოს ბუქარესტის სამიტამდე, ეს ბროშურა გამოცემულია მანამ, სანამ ბოლო დროის დაძაბულობა წარმოიქმნებოდა.


ამავე დროს, მე მინდა ჩვენ სტუმრებს გადავცე 1955 წელს ვაშინგტონში გამოცემული ამერიკის კონგრესის მოხსენება საქართველოს დაპყრობის და ოკუპაციის თაობაზე 1921 წელს.


თუ ვინმე ამ ბროშურას წაიკითხავს, სამწუხაროდ, დღესავით ეცნობა დღევანდელი სიტუაცია. მაშინაც ბოლშევიკური ჯარები შემოვიდნენ ვითომ ჩაგრული უმცირესობის დასახმარებლად, მაშინაც ის დამთავრდა საქართველოს ოკუპაციითა და ანექსიით.


ახლა ის, რაც ხორციელდება,  ეს არის, უდაოდ, ანექსიის აქტი – ანექსიის აქტის და ოკუპაციის აქტის პრელუდია.


მაშინ ევროპამ საქართველო მიატოვა. ხმაც არ ამოუღია იმაზე, რაც განხორციელდა აქ.


ეს მოხსენებები დაიბეჭდა და გამოდის იმისათვის და მინდა გადავცე ჩვენ ევროპელ მეგობრებს იმისათვის, რომ იმედი გამოვთქვა, რომ აღარასდროს ევროპა აღარ გაიმეორებს იგივე შეცდომას.

იმიტომ რომ საქართველოს ოკუპაციას მოყვა შეტევა პოლონეთზე, მოყვა ბალტიისპირეთის დაპყრობა; მოყვა სისხლიანი ომი ფინეთში და მოყვა გაძლიერება სტალინისტური რეჟიმის წარმოუდგენელ მასშტაბამდე. 


იმედია, რომ ისტორია მეორედ ასეთივე ტრაგედიით არ განმეორდება.


დღეს აქ დგას არა საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს საკითხი და მითუმეტეს არ დგას საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის საკითხი. დღეს დგას ევროპის მომავლის საკითხი და ასეთი დიდი გამოწვევების წინაშე ევროპა არ ყოფილა ცივი ომის დამთავრების შემდეგ.


ჩვენ ვართ განწყობილი, რომ კონფლიქტი მოწესრიგდეს მშვიდობიანად; ჩვენ ვართ განწყობილი, რომ რუსეთთან გვქონდეს მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობა და ჩვენ ვართ განწყობილი იმისათვის, რომ საქართველოში იყოს სიწყნარე, მშვიდობა და განვითარება.


ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმა, რომლის განსახორციელებლად ვართ მზად. ეს არის ძალიან გაბედული, ძალიან რადიკალური, ძალიან მოქნილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ზედმიწევნით ეთნიკური აფხაზების ინტერესებს, პირველ რიგში, და მიმართულია მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვაზე ამ რეგიონში.


მე მინდა ეს ბროშურები უკანა გზაზე წასაკითხად დავურიგო ჩვენს მეგობრებს თუნდაც იმისათვის, რომ ეს არასდროს არ განმეორდეს და მათ ინფორმაცია ჰქონდეთ. გეგონება ეს არის გუშინდელი გაზეთის სტატია, ისეა დაწერილი. საუბარი ეხება თითქმის 100 წლის წინანდელ მოვლენებს”. 

Back to top button