ახალი ამბები

ნათელაშვილი: არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს მთავრობას დაეკისრება

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ 21 მაისის არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა აშშ-ს მთავრობას დაეკისრება.


”ყველა არჩევნები 1999 წლიდან საქართველოში გაყალბდა ამერიკის მთავრობის დასტურითა და ხელშეწყობით, მათ შორის ლეიბორისტული პარტია 3-ჯერ არ შეუშვეს პარლამენტში სწორედ ვაშინგტონელი ბატონების გადაწყვეტილებით,”- განაცხადა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ”წინასწარ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვაცხადებ, რომ არჩევნების შედეგებზე, გაყალბების დადასტურებაზე და მხარდაჭერაზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება აშშ-ს მთავრობას”

”მეგობრებო, ამერიკელებო, მოგვეცით ჩვენს სამშობლოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება,”- განაცხადა მან.   


შალვა ნათელაშვილი რეიტინგის მქონე ერთადერთი ოპოზიციური ლიდერი იყო, ვინც ამჟამად თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მეთიუ ბრაიზას არ შეხვდა.


ბრაიაზამ 9 მაისს შეხვედრა გამართა რესპუბლიკური პარტიისა და ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის წარმომადგენლებთან. იგი ასევე შეხვდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს.


დღეს კი, ვიზიტის ბოლო დღეს, მეთიუ ბრაიზა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძეს შეხვდა და საარჩევნო საკითხები განიხილა.


 

Back to top button