Placeholder canvas
ახალი ამბები

ამერიკელი დიპლომატი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა დღეს ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს ცალკ-ცალკე შეხვდა


შეხვედრის დაწყებამდე კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ”უსამართლოდ” ხელს აფარებს ”სააკაშვილის სისხლიან ხელისუფლებას”.


”ბევრი საკითხებია რასაც ხელს აფარებენ, დაწყებული საარჩევნო საკითხებიდან გაგრძელებული მედია თავისუფლებით,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”ისინი  ლობირებას უწვენ, როგორც თავის დროზე ცეკას მდივნები უწევდნენ კრემლიდან ლობირებას საქართველოს ცესკას მდივნებს”.


გაერთიანებული ოპოზიციიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალი მემარჯვენეების და საქართველოს გზის ლიდერები დავით გამყრელიძე და სალომე ზურაბიშვილი.


”[შეხვედრაზე] მთავარი საკითხი იქნება მეთიუ ბრაიზა კიდევ ერთხელ აპირებს, რომ გაგვიყალბოს არჩევნები სააკაშვილთან ერთად თუ არა,”- განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილმა.


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს დასავლეთი ”არალეგიტიმურად არჩეული” პრეზიდენტ სააკაშვილის ცნობის გამო და განაცხადეს, რომ ასეთი ქმედებით დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია ხდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაჩეჩილაძე განაცხადა, რომ ბრაიზა საქმის კურსში ჩააყენა იმასთან დაკავშირებით, რომ “საქართველოში უკვე ანტიამერიკული განწყობა იზრდება”.

“მეთიუ ბრაიზას ავუხსენი, რომ სწორედ ამ გაყალბებული ეგზიტპოლების, არჩევნებზე ხალხის ბიუჯეტისა და სახელისუფლო ადმინისტრაციის გამოყენების, ასევე, ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-სა და “მზის” ხელისუფლების კონტროლის გამო ქუჩაში 200 ათასი ადამიანი გამოვიდა [იანვარში]”,-აღნიშნა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ მაშინ მან ეს ხალხი შეაკავა, რასაც იგივე სცენარის გამეორების შემთხვევაში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე აღარ გააკეთებს.

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, მეთიუ ბრაიზასთან შედგა მცირე შეთანხმება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკელი დამკვირვებლები რთულად გასაკონტროლერელ საარჩევნო უბნებს დააკვირდებიან.

გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთში შექმნილ ვითარებას, რაზეც შეახსენა მეთიუ ბრაიზას, რომ აფხაზეთში ომის დაწყების თემით სპეკულირება დაუშვებელია.

“აფხაზეთში ომის დაწყება ნიშნავს დამარცხებას, სახელგატეხილი სარდალი ომს ვერ მოიგებს”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხებთან ერთად აფხაზეთში გართულებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.


”ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო,”- აღნიშნა უსუფაშვილმა, ”მე სინანული გამოვთქვი იმის თაობაზე, რომ ბუქარესტის სამიტზე MAP-ის ვერ მიღებამ რუსეთი გაათამამა და საჭირო იყო მეტი მუშაობა ამ მიმართულებით… ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვერ მოხდა საქართველოსათვის იმ დონის და იმ ტიპის საერთაშორისო მხარდაჭერის აღმოჩენა, რომ რუსეთს ეს ვერ გაებედა და ძალიან მარტივად შევთანხმდით იმაზე, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 21 მაისს იქნება ამისი გარანტი”. 


”მე მას [მეთიუ ბრაიზას] გავახსენე რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვთხოვდით რომ გაემახვილებინათ ყურადღება თავის დროზე, სხვანაირად მივიღებდით ძალიან მძიმე სიტუაციას ქვეყანაში,”- განაცხადა ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის უსუფაშვილმა.



 

მსგავსი/Related

Back to top button