ახალი ამბები

აშშ შეშფოთებულია რუსეთ-საქართველოს დაძაბულობის შესაძლო ზრდის გამო

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა დანიელ ფრიდმა 8 მაისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის შესაძლო გამწვავების გამო, იტყობინებიან ”ამერიკის ხმა” და ”როიტერი”.


თუმცა ფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ ჰგონია, რომ რომელიმე ამ ქვეყანას ომი სურს.
 
”რისიც ჩვენ გვეშინია არის ის, რომ ამხელა დაძაბულობით, ამდენი შეიარაღებული ხალხით ერთმანეთის ახლოს და პროვოკაციების ასეთი ისტორიით, შესაძლოა იფეთქოს სიტუაციამ, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო ფართო პრობლემას და უცებ თქვენ აღმოჩნდებით სიკვდილის, სროლების და კონტროლიდან გამოსულ ინციდენტის წინაშე,” – იტყობინებიან ”ამერიკის ხმა” და ”როიტერი” ფრიდის სიტყვებზე დაყრდნობით. ფრიდმა ეს განცხადება ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის მოსმენაზე გააკეთა. ”ეს ძალიან გვაშფოთებს,” – დასძინა მან. 
 
”ჩვენ არ მოგვწონს ის მწვავე რიტორიკა, რომელიც რუსეთიდან მოდის. ზოგჯერ ქართული რიტორიკაც მწვავეა. მართალია ჩვენ საქართველოსაც მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, არის განსხვავება ძალიან პატარა მოწყვლად ქვეყანასა და ძალიან დიდ ქვეყანას შორის, რაც უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს თავშეკავებისკენ, ისინი მოწყვლადები არიან და სწორედ მათი ტერიტორიაა, რომელსაც საფრთხე ემუქრება”.


მან ასევე აღნიშნა, რომ ”პროვოკაციები ორივე მხარეს უნდა შეწყდეს”.


”რუსეთი უნდა დაეხმაროს, რომ აფხაზეთის საკითხი მოლაპარაკებების საგანი გახდეს და არ გამოიყენოს ეს თემა თავის პატარა მეზობლის დასაშინებლად,” – განაცხადა ფრიდმა.

Back to top button