ახალი ამბები

UNOMIG უარყოფს სამხედრო ძალების ზრდას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში

გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) 8 მაისს განაცხადა, რომ დღემდე მის დამკვირვებლებს ”არ უცნობებიათ უსაფრთხოების ძალების ზრდის შესახებ” ან კოდორის ხეობაში ან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.


რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალების ბოლოდროინდელ ზრდას,  UNOMIG-მა განაცხადა, რომ მას სურს დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რუსეთის სამშვიდობო ძალებისგან ”თუ როგორ აღიქვამენ ისინი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს და როგორ ესადაგება დსთ-ს სამშვიდობოთა ზრდა, როგორც პერსონალის ისე შეიარაღების, ამ საფრთხეებს”.


პრეს-რელიზში UNOMIG-მა ასევე გააკეთა კომენტარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ”მისიის მთავარი სამხედრო დამკვირვებელი, გენერალ-მაიორი ხატაკი დაეთანხმა, რომ რუსული მხარის ქმედებები არ ეწინააღმდეგება სამშვიდობო ოპერაციის წარმოების შესახებ ძირითად შეთანხმებებს”.  


”გაეროს მისია განმარტავს, რომ არ გააჩნია უფლებამოსილება, რომ განცხადება გააკეთოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე დსთ-ის სამშვიდობო ოპერაციის შესაბამისობაზე დსთ-ის წესებთან,” – აცხადებს გაეროს დამკვირვებელთა მისია.

Back to top button