ახალი ამბები

თავისუფალი არჩევნები ეროვნული უსაფრთხოების და გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხია – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააფრთხილა, რომ ვინც შეეცდება საარჩევნო პროცესებში უკანონო შეჭრას და არევას, პასუხს აგებს, რადგან ”თავისუფალი არჩევნები ახლა არის ეროვნული უსაფრთხოების და საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხი”.


ამის შესახებ პრეზიდენტი 6 მაისს ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრაზე საუბრობდა. დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე განდევნა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ.


”მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას ნათლად ვუთხრა: ნურავინ ნუ შეეცდება პროცესების არევას, ნურავინ ნუ შეეცდება საარჩევნო პროცესებში უკანონო შეჭრას. თავისუფალი არჩევნები ახლა არის ეროვნული უსაფრთხოების და საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხი,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”და ამას დავიცავთ ჩვენ კბილებით იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მომავალი. ეს არის ჩემი მოწოდებაც, თხოვნაც და გაფრთხილებაც”.   


იგი ასევე შეეხო მმართველი პარტიის ცაგერის მაჟორიტარი კანდიდატის ვალერი გიორგობიანის ინციდენტს, რომელიც ადგილობრივ გამგეობაზე ზეწოლის თაობაზე ოპოზიციის მიერ გავრცელებული ფარული აუდიო-ჩანაწერების გამო საკუთარი სურვილით გამოეთიშა გუშინ სარჩევნო მარათონს. გავრცელებული ინფორმაციით, ვალერი გიორგობიანი პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან დაახლოებული პირია. ბურჯანაძემ მომავალ პარლამენტში მოხვედრაზე საარჩევნო სიებზე თანაგუნდელებთან შეუთანხმებლობის მოტივით თქვა უარი. ანალოგიურად მოიქცა მისი ”გუნდის” რამდენიმე წევრიც.


”ერთ-ერთმა კანდიდატმა, ცაგერის რაიონში გადაწყვიტა ზეწოლა მოეხდინა ადგილობრივ მმართველობის ორგანოებზე და ეს მას შემდეგ, რაც სულ რაღაც ორი დღით ადრე მე მკაცრად გავაფრთხილე სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები, რომ არ ჩარეულიყვნენ არჩევნებში, არ დაეკავებინათ არცერთი კანდიდატის პოზიცია და მიეცათ საშუალება თითოეული ადამიანისთვის თითონ გაეკეთებინათ არჩევანი,”- განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ გიორგობიანს საკუთარი სურვილით რომ არ მოეხსნა კანდიდატურა, ამას თავად პრეზიდენტი გააკეთებდა. 


”მე მგონი ყველა უნდა მიხვდეს, რომ მე არასოდეს არ ვხუმრობ, როცა ვლაპარაკობ,”- აღნიშნა პრეზიდენტმა, ”ჩვენი ღირსების საკითხია საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ყველა ვინ ამას ხელს შეუშლის აგებს პასუხს”.

მსგავსი/Related

Back to top button