
ქართული უპილოტო თვითმფრინავები ხმელეთი-ჰაერი სარაკეტო დანადგარით ჩამოაგდეს – შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოყენებულ იქნა ხმელეთი-ჰაერი საჰაერო თავდაცვის სისტემა ”ბუკი”, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
მანამდე აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მისმა L 39 ტიპის თვითმფრინავმა ჩამოაგდო ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი Hermes 450.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთმა აღიარა, რომ მას გააჩნია თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ სისტემა ”ბუკი” გასულ წელს რუსეთიდან იქნა შეტანილი აფხაზეთში, როგორც მცდელობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდისა. შამბას თქმით, ეს სისტემა აფხაზეთის სამხედრო არსენალში ომის დროიდან არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დროს რამდენიმე ქართული თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული, ძირითადად ეს ხორციელდებოდა ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საშუალებით და ”ბუკის” გამოყენების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რუსეთის 643-ე პოლკს, რომელიც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს გუდაუთაში იყო განთავსებული, გავრცელებული ინფორმაციით, სამი ”ბუკის” სისტემის დანადგარი გააჩნდა. რუსეთის განცხადებით, მათ იარაღი გაიტანეს, ხოლო გუდაუთის სამხედრო ბაზა 2001 წელს დახურეს. თუმცა, ქართული მხარის მოთხოვნაზე ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით უარს აცხადებდნენ.
საქართველოს სამხედრო დამკვირვებლების ვარაუდით, ქართული უპილოტო თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა აფხაზეთში იყო ”ბუკის” სისტემების არსებობის დადასტურება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ”ბუკი”, რომლის დანიშნულებაცაა იერიში მიიტანოს საჰაერო და მართვად სარაკეტო ჭურვებზე, გამოუსადეგარია პატარა სამიზნეების, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატი, წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
5 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ ორი ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების უარმყოფ განცხადებაში ასევე მიმართა თხოვნით გაეროს ”უმოკლედ ვადებში დაიწყოს გამოძიება უსაფრთხოების ზონაში აფხაზი სეპარატისტების “ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების” არსებობისა და გამოყენების საკითხის შესასწავლად, ხოლო გამოძიების შედეგები დაუყოვნებლივ ეცნობოს საერთაშორისო საზოგადოებას”.