ახალი ამბები

30-წამიანი პოლიტიკური რეკლამა საუკეთესო დროს 9-16 ათასი აშშ დოლარი ღირს

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ 30-წამიანი პოლიტიკური რეკლამის გაშვება ყველაზე რეიტინგულ დროს 9 000-16 000 აშშ დოლარი ღირს.


ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო დრო – 16 000 აშშ დოლარი 30 წამში – არის პოლიტიკური თოქშოუ Primetime-ში, რომლის წამყვანიც ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაა. შემდეგ მოდის თოქშოუ ”უპასუხეთ ხალხს (კვირაში ერთხელ, პარასკევობით), რომლის დროსაც 30-წამიანი რეკლამის გაშვება 14 000 აშშ დოლარი ღირს და თოქშოუ სამკუთხედი (კვირაში ერთხელ) – 12 000 აშშ დოლარი 30 წამში. ყოველკვირეულ გადაცემა P.S-ში  (კურიერი) 30-წამიანი რეკლამის განთავსება ასევე 12 000 აშშ დოლარი ჯდება.


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საღამოს კურიერში 30-წამიანი რეკლამის განთავსება 9 000-დამ 13 000 აშშ დოლარამდე ღირს. ყველაზე იაფი 30-წამიანი დრო ”რუსთავი 2”-ზე 200 დოლარი ღირს.


უფრო დაბალი ფასებია ტელეკომპანია ”მზეზე”, სადაც 30-წამიანი პოლიტიკური რეკლამა ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო გამოშვებაში 1 500 აშშ დოლარი ღირს.


პოლიტიკური რეკლამების ფასები უფრო მაღალი, ვიდრე ის იყო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.


კანონის თანახმად, თითოეულ ”კვალიფიციურ” პოლიტიკურ პარტიას – ანუ იმ პარტიებს, რომელთაც წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე შესაბამისად 4%-იანი და 3%-იანი ბარიერები გადალახეს, კერძო ტელეკომპანიამ უნდა მისცეს 30-წამიანი უფასო საეთერო დრო ყოველ საათში, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – 60-წამიანი უფასო საეთერო დრო.


ამჟამად, ნაციონალური მოძრაობა ფართო ფასიან სარეკლამო კამპანიას ახორციელებს, მაშინ როცა სხვები ძირითადად კანონით გათვალისწინებულ  უფასო საეთერო დროს იყენებენ.  


    

მსგავსი/Related

Back to top button