
ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია
პარტია ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილმა წამყვანმა და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ თებერვალში ჩამოაყალიბა. ამ ქმედებით თარგამაძე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა. 2003 წლის მარტამდე თარგამაძე აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია ”აღორძინების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი იყო. შემდეგ მან დატოვა პარლამენტიც და პოლიტიკაც.
პარტია, რომლის აქტივისტებს შორის ტელეკომპანია ”იმედის” სულ ცოტა ოთხი ყოფილი ჟურნალისტია, აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს პლატფორმით ”საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანობის დაცვა”, რომელიც, პარტიის თქმით, ”ქართული საზოგადოების ცხოვრების წესის საფუძველს წარმოადგენს”. ამ მიზნით, აცხადებს პარტია, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, ის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მართლმადიდებლური ქრისტიანობისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. პარტია აცხადებს, რომ სტატუსი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპს, არამედ ეს იქნება უფრო მეტი ვიდრე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამინდელი სტატუსი, რომელსაც სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს.
თავის ეკონომიკურ პლატფორმაშიც კი ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა გამოეყენებინა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ერთ-ერთი ქადაგება, რომელშიც ის ამბობს: “საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან”.
”სწორედ მტკნარი სასმელი წყალი წარმოადგენს ჩვენს ყველაზე დიდ ეროვნულ სიმდიდრეს, რომლის ხალხისათვის დაბრუნება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მთავარი ამოცანაა,” – აცხადებს პარტია თავის ვებ-გვერდზე.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მართალია პარტიის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, გიორგი თარგამაძემ თავის ინტერვიუებში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს თვითმიზანი არ უნდა იყოს.
ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას 35 მაჟორიტარი კანდიდატის ჰყავს წარდგენილი. სულ მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 75-ს შეადგენს.