ახალი ამბები

სოხუმი ქართული უპილოტო თვითმფრინავის გადაფრენის შესახებ იტყობინება

აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ქართულმა უპილოტო მზვერავმა თვითმფრინავმა კვლავ გადაუფრინა თვითგამოცხადებულ რეგიონს 5 მაისს დილით.


”მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენ ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ გუშინ, დღეს ჩვენმა რადარებმა ისევ დააფიქსირეს მზვერავი თვითმფრინავი ოჩამჩირის რაიონის თავზე, რომელიც საქართველოდან შემოფრინდა,” იტყობინება 5 მაისს ”აფსნიპრესი” დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით, ”ამჯერად, ჩვენ ის არ ჩამოვაგდეთ”.


საქართველო უარყოფს 4 მაისს მისი ორი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უპილოტო შეუიარაღებელი თვითმფრინავები ”დაფრინავდნენ, დაფრინავენ და კვლავაც იფრენენ საქართველოს სუვერენულ საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შესახებ სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად”. 


ამასობაში, ”აფსნიპრესი” იტყობინებოდა 5 მაისს, რომ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, 4 მაისს ჩამოგდებული ერთ-ერთ თვითმფრინავის ფრაგმენტები უჩვენა.

Back to top button