ახალი ამბები

ლავროვმა და რაისმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს

თბილისის ”უუნარობა შეათანხმოს” პრობლემატური საკითხები მოსკოვთან გამოიწვია ”საქართველოს ნატოში შეყვანის გეგმებმა,” განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 3 მაისს.


მან ეს განცხადება ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, სადაც ის შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს. ლავროვმა განაცხადა, რომ მან აქტიურად განიხილა საქართველოს საკითხი თავის ამერიკელ კოლეგასთან.


ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისი და ”ის დედაქალაქები, რომლებიც საქართველოს ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსისკენ უბიძგებენ” სწორ დასკვნებს გამოიტანენ და არ შექმნიან ”ხელოვნურ პრობლემებს ამ ძალიან მგრძობიარე რეგიონში”.


ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მან განუმარტა რაისს, რომ რუსეთმა შეთანხმებით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაზარდა სამშვიდობოთა რაოდენობა კონფლიქტის ზონაში. ”მე ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ვესაუბრე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქმედებებს სწორად გაიგებენ,” – განაცხადა ლავროვმა.


კონდოლიზა რაისმა 1 მაისს განაცხადა , რომ ის ვერ ხედავს აფხაზეთში დამატებითი რუსული ძალების შეყვანის საჭიროებას.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 3 მაისს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს შესახებ მსჯელობისას ”კონდოლიზა რაისის ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციულ ქმედებებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, ასევე იმ ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებს თბილისის გეგმებს ძალა გამოიყენოს სოხუმის და ცხინვალის წინააღმდეგ”.

Back to top button