
ხელისუფლების წარმომადგენლები ომბუდსმენის ბრალდებებს პასუხობენ
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების შესაძლო ფაქტების გამო და მზად არის დაუყონებლივ შეისწავლოს ყველა განცხადება.
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 9 მაისს განაცხადა, რომ უამრავი შემთხვევა არსებობს რეგიონებში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა დაშინებისა არჩევნებთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, ”შემაშფოთებელია”. სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი, რომლებიც ”პოლიტიკური ზეწოლის და ტერორის” მსხვერპლნი გახდნენ, ”შიშის გამო” უარს ამბობენ ამის გამხელაზე. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში არის ჭიათურის და მესტიის საშუალო სკოლების მასწავლებლების და დირექტორების დაშინების ფაქტები, ასევე მესტიის ადგილობრივი პოლიციის უფროსის მიერ პოლიციელებზე ზეწოლის ფაქტები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზეწოლის, დაშინების თუ სხვა ნებისმიერი საარჩევნო კანონდარღვევის ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული.
”შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, ვინც ფლობს დასაბუთებულ ინფორმაციას და პირველ რიგში, სწორედ სახალხო დამცველს, რომ ითანამშრომლონ სამართალდამცველ სტრუქტურებთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო უპირობოდ უზრუნველყოფს ყველა მოწმისა და მსხვერპლის უფლებების დაცვას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა ჩვენი საერთო მიზანი და პასუხისმგებლობაა, რაც შესაბამისად ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს,” – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, განცხადებაში არაფერია ნათქვამი მესტიის რაიონის პოლიციის უფროსის მიერ ხელქვეითებზე ზეწოლის თაობაზე.
განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ასევე უპასუხა სახალხო დამცველის განცხადებას და აღნიშნა, რომ მან გადაამოწმა განცხადებები მესტიის რაიონის რამდენიმე სკოლის დირექტორების დაშინების თაობაზე. მისი თქმით, არც ერთი მათგანი არ გაუთავისუფლებიათ თანამდებობებიდან და განცხადებები დაშინების თაობაზე ”აბსოლუტურად უსაფუძვლოა”.
სამინისტროს განცხადებით, იგი ამოწმებს იმ განცხადებას, რომელიც ეხება ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულაში სკოლის დირექტორის დაშინების ფაქტს.