ახალი ამბები

ეუთოს დამკვირვებლებმა წინასაარჩევნოდ შუალედური მოხსენება გამოაქვეყნეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გაცხადებულ სტრატეგიას გამჭვირვალობის ზრდის თაობაზე საფუძველი შეურყია იმ მოვლენებმა, რომლებიც მოყვა მმართველი პარტიის სიის წარდგენასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას, ნათქვამია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) პირველ წინასაარჩევნო შუალედურ მოხსენებაში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა თავისი სადამკვირვებლო მისია 10 აპრილს დაიწყო. ამდენად, მისი პირველი შუალედური მოხსენება მოიცავს 10 აპრილიდან 25 აპრილამდე პერიოდს.

საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი იყო ოპოზიციური პარტიების პრეტენზიები მმართველი პარტიის მიერ 21 აპრილს პროპორციული საარჩევნო სიის წარდგენის შესახებ.

”რეგისტრაციის მთლიანი გამჭვირვალე პროცესი გარკვეულწილად დაჩრდილა იმ მოვლენებმა, რომლებიც უკავშირდება მმართველი პარტიის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ კანდიდატთა სიის წარდგენას, რომლის ნახვაც მოისურვეს ცესკო-ს ოპოზიციურმა წევრებმა, თუმცა სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარემ მათ ამ სიების ნახვის საშუალება არ მისცა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თავიანთი პარტიული სია ცესკო-ში წარდგენის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტანეს, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, მმართველმა პარტიამ, რომლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის უკანასკნელ წუთში გაკეთებული განცხადება, რომ ის აღარ იყრიდა კენჭს საპარლამენტო არჩევნებში, ან ”ცარიელი ფურცლები” წარადგინა, ან ღამით ფარულად შეცვალა ეს სია, რომელსაც თავდაპირველად, სავარაუდოდ,  ნინო ბურჯანაძე ლიდერობდა.  

დაპირისპირების დროს ცესკო-ში ეუთოს დამკვირვებლებიც იმყოფებოდნენ. მოხსენებაში, რომელიც ამ შემთხვევასაც განიხილავს, ნათქვამია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა თავდაპირველად უარი თქვა მმართველი პარტიის სიის ცესკო-ს ოპოზიციური წევრებისთვის ჩვენებაზე იმ მოტივით, რომ ცესკოს კანცელარია, სადაც სიები ინახებოდა, დაკეტილი იყო და ინფორმაცია მხოლოდ მომდევნო დილას გახდებობა ხელმისაწვდომი.

”რამდენიმე წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსი მივიდა ცესკო-ში, რათა ამ მოთხოვნისთვის მეტი წონა შეეძინათ,” – ნათქვამია მოხსენებაში, ”სია, რომელიც საბოლოო ჯამში, სულ ცოტა, ოთხი საათის შემდეგ გაიცა, არ ინახებოდა იმ ოთახში, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარე მიუთითებდა და რომელსაც ოპოზიცია დარაჯობდა. ეს მოვლენები ხასიათდებოდა გამჭვირვალობის ნაკლებობით, რადგანაც ცესკოს ზოგიერთმა წევრმა და თანამშრომლებმა შეზღუდეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცესკოს სხვა წევრებისთვის”.

რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, მოხსენება აღნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსი ზოგადად მიმართულია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ, თუმცა ის შეიცავს მთელ რიგ მნიშვნელოვან ხარვეზებს”.

მოხსენების თანახმად, ამ ხარვეზებს შორისაა კამპანიის წარმოების წესები. ”[დებულება] ახლა უზრუნველყოფს შეუზღუდავ კამპანიას პოლიტიკოსების მიერ და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას კამპანიის მიზნებისთვის,”  – ნათქვამია მოხსენებაში.

”ეს ბოლო დებულებები პრობლემატურია და ოპოზიციური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებლები ამას ძალიან კრიტიკულად უყურებენ. საერთო ჯამში, და მიუხედავად ბოლოდროინდელი ცვლილებებისა, ბევრი დაბრკოლება, შეუსაბამობა და გაურკვევლობა კვლავ რჩება, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი ხელი შეუშალონ და პოტენციურად ძირი გამოუთხარონ კანონის ეფექტურ განხორციელებას. კანონის პოზიტიური ასპექტების შედეგი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის კეთილსინდისიერ განხორციელებაზე,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენება ადგილობრივ დამკვირვებელზე დაყრდნობით ასევე ამბობს, რომ ამჯერად ”დევნის შედარებით მცირე შემთხვევები დაფიქსირდა”, ვიდრე 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. 

მედია მონიტორინგი

OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ხუთი ტელეკომპანიის – ”რუსთავი 2”, ”მზე”, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ”კავკასია” და ”აჭარა” – და ოთხი გაზეთის – რეზონანსი, 24 საათი, ალია და კვირის პალიტრა –  ხარისხობრივ და რაოდენობრივ მონიტორინგსაც ახორციელებს.

მოხსენების თანახმად, მონიტორინგის წინასწარი შედეგები მიანიშნებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გადაცემის თანაბარი დრო დაუთმო ოპოზიციურ გაერთიანებას (20%) და მმართველ პარტიას (15%). მმართველი პარტიის შესახებ სიუჟეტების 59% დადებითი იყო, ხოლო 39% – ნეიტრალური, მაშინ როცა ოპოზიციური ბლოკის შესახებ სიუჟეტების მხოლოდ 5% იყო დადებითი, ხოლო 95% ნეიტრალური, ნათქვამია მოხსენებაში.

”გარდა ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხაზგასმულად და კეთილგანწყობილად გააშუქა ხელისუფლების საქმიანობა, არა წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, რითიც დაეხმარება სახელისუფლებო კანდიდატებს,” – ნათქვამია მოხსენებაში.

საანგარიშო პერიოდში ”რუსთავი 2”, რომელიც მოხსენების თანახმად, ყველაზე პოპულარული არხია ”იმედის” დახურვის შემდეგ, ბოიკოტს უცხადებდა ოპოზიციურ კოალიციას. ანალოგიურ პოზიციას იკავებდა ტელეკომპანია ”მზეც”. ორივე ტელეკომპანიამ ოპოზიციური კოალიციის საქმიანობის გაშუქება 28 აპრილს განაახლა.

 

Back to top button