
რუსეთი არ არის საქართველოსთან კონფრონტაციის მონაწილე – კოვალენკო
რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 1 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი არ არის საქართველოსთან კონფრონტაციის მონაწილე და ”საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტში” მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს.
ეს განცხადება კოვალენკომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ის ოფიციალურად დაიბარეს და გადასცეს საპროტესტო ნოტა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში თბილისის თანხმობის გარეშე რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდის გამო.
”1994 წლის 22 აგვისტოს შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხარეს, რუსეთის მხარეს კი არა, არამედ სამშვიდობოებს აქვთ უფლება იმყოფებოდნენ უსაფრთხოების ზონაში 2 500-დან 3 000 კაცამდე,”- განაცხადა კოვალენკომ, ”რუსი სამშვიდობოების გაზრდა ეტევა იმ რიცხოვნობაში, რომელიც დაფიქსირებულია შეთანხმებაში, რომელსაც ხელს აწერენ სახელმწიფოს მეთაურები, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ”მკაცრად გააფრთხილა” რუსეთის ფედერაცია წინასწარი ინფორმირების გარეშე სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდის გამო.
”ამ კონტიგენტის გაზრდა კიდევ უფრო ზრდის ესკალაციის საფრთხეს,”- განაცხადა ვაშაძემ, ”მკაცრად გავაფრთხილეთ, რომ სრული პასუხისმგებლობა ამ აგრესიის აქტზე საბოლოოდ დაეკისრება რუსეთის ფედერაციას”.