
მრეწველთა კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება – თოფაძე
მრეწველთა პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ პარტიამ შესაძლოა აღარ მიიღოს მონაწილეობა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში, თუ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა დევნას.
”ჩვენ დავიბარებთ ჩვენს კანდიდატებს მომდევნო დღეეებში და მათთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა თოფაძემ 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”თუ არ შეიცვალა სიტუაცია და გაგრძელდა ჩვენი კანდიდატების დევნა, შეიძლება ჩვენ განვაცხადოთ უარი [არჩევნებში მონაწილეობაზე]”.
მრეწველთა პარტია არჩევნებზე ორ პარტიასთან ერთიან ბლოკში იყრის კენჭს. ესენი არიან: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და პარტია ”ერთობა”, რომლის ლიდერიც დეპუტატი ჯუმბერ პატიაშვილია.
ბლოკმა თავისი მაჟორიტარი კანდიდატები 75-დან 28 ერთმანდატიან ოლქში დაასახელა.
თოფაძემ ასევე განაცხადა, რომ 14 მაჟორიტარმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მათ ექმნებათ პრობლემები და ვეღარ იყრიან კენჭს.
”როდესაც ჩვენი რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი გამოყავთ ღამის 2 საათზე უშიშროების თანამშრომლებს, მიყავთ პოლიციაში და დაუწყებენ დაშინებას, ამ პირობებში ძალიან ძნელია, რომ გაგრძელდეს ნორმალური საარჩევნო პროცესი,” – განაცხადა თოფაძემ.
ანალოგიური განცხადებები ასევე გააკეთა ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა კოალიციამ, რომლის თქმითაც, რამდენიმე მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონებში იდევნებოდა ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციამ, რომელიც საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა, 25 აპრილს განაცხადა, რომ ”ინფორმაცია და განცხადებები დევნისა და გადაჭარბებული ზეწოლის თაობაზე მნიშვნელოვნად შემცირდა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით”.
”თუმცა, საზოგადოებრივი ნდობის გულისთვის, ხელისუფლებამ მთლიანად უნდა გამოიძიოს, გამჭირვალედ, დევნის შესახებ ყველა ის განცხადება, რომლებიც კვლავ კეთდება, დაუყოვნებლივ გამოასწოროს ყველა დარღვევა, მათი აღმოჩენის შემთხვევაში,” – დასძინეს ევროპის საბჭოს დამკვირვებლებმა.